ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე საუბრობს “სარწმუნო ინფორმაციაზე” დაყრდნობით პრეზიდენტთან მიმართებაში, რომელთანაც მას შეუძლია პირდაპირ კითხვებზე პირდაპირი პასუხები მიიღოს ნებისმიერ დროს, ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს – წყარო არის ან მოსმენა, ან თვალთვალი, ან აგენტურა. ეს რომ თავისთავად არანორმალურია, ერთი პრობლემაა. მეორე პრობლემაა, რომ ამ წესით (უწესოდ) მიღებული ინფორმაციის ნორმალური ანალიზის უნარიც რომ არა აქვთ და პარანოიდალურ პრიზმაში განიხილავენ,”-წერს გია ხუხაშვილი.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სხდომის დაწყებისას, პარლამენტის თავმჯდომარემ და კომისიის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კომისიას სარწმუნო ინფორმაცია აქვს იმის შესახებ, რომ პრეზიდენტი ცალკეულ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მართავდა კონსულტაციებს მათ მიერ კომისიის დატოვებასთან დაკავშირებით.
”გვქონდა სარწმუნო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტი ცალკეულ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მართავდა კონსულტაციებს, მათ მიერ კომისიის დატოვებასთან დაკავშირებით. სამწუხაროა, რომ ეს სარწმუნო ინფორმაცია მართლდება – რამდენიმე სუბიექტს, ჩვენი ინფორმაციით, დაგეგმილი აქვს შესაბამისი გადაწყვეტილების გახმოვანება, თუმცა ეს ყველაფერი, ბუნებრივია, ხელს ვერ შეუშლის იმ სამუშაოს ბოლომდე მიყვანას, რომელიც ჩვენ დავიწყეთ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში. ჩვენ აუცილებნლად შევასრულებთ დასახულ მიზანს, რომელიც საქართველოს პარლამენტმა დაგვისახა და საბოლოოდ ძალიან დახვეწილი კონსტიტუცია გვექნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.