ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ადამიანი არ უნდა შეუშინდეს არც სიხარულს და არც მწუხარებას”: მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბზობას ზეიმობს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას ზეიმობს, რასაც ქრისტიანები ბაიაობას, ანუ ბზობას უწოდებენ.

იგი ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს აღინიშნება.

წმინდა სახარების მიხედვით, მაცხოვრის შესვლა იერუსალიმს ძლევამოსილი მეფის სატახტო ქალაქში შესვლას ჰგავდა და მას უბრალო ადამიანებმა საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს. იერუსალიმისკენ მიმავალ მაცხოვარს გზაზე ხალხი სამოსელს უფენდა, ზოგს კი პალმის (ბზის) რტოები ეკავა და ასე ეგებებოდა მას.

დღესასწაულთან დაკავშირებით მლოცველები ტაძრებში ბზის რტოებით და სანთლებით მიდიან. ეკლესიებში ბზა იკურთხება, როგორც სიმბოლო უფლისთვის მიგებებისა.
”დღეს კიდევ ერთხელ ვფიქრობთ იმის შესახებ, რა ახლოს არის მწუხარება და სიხარული. ბზობის დღეს იესო ქრისტე, როგორც მეფე შევიდა იერუსალიმში. ერი ზეიმით ხვდებოდა მათ და უგალობდა ”ოსანა მაღალთა შინა ღმერთსა”. რამდენიმე დღის შემდეგ იგივე ერი უღალატებს და იყვირებს ”ჯვარს აცვი ეგე”, -განაცხადა პატრიარქმა.

პატრიარქმა მრევლს სიხარულისა და მწუხარების ცვალებადობაზეც ესაუბრა და აღნიშნა, რომ არც ერთის უნდა ეშინოდეთ.

“ადამიანი არ უნდა შეუშინდეს არც სიხარულს და არც მწუხარებას. ეს ყველაფერი მოვლენილია ღვთისგან. სიხარულსაც და მწუხარებასაც ადამიანმა უნდა გაუძლოს. სიხარული იცვლება მწუხარებით და მწუხარება იცვლება სიხარულით. ღმერთმა ინებოს სიხარული სუფევდეს აწ და მარადის უკუნითი უკუნისამდე”, – თქვა პატრიარქმა.

მან ბზა აკურთხა და ის ჭურჭელიც დალოცა, რომლითაც იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლს ჩამოაბრძანებენ. მომლოცველები იერუსალიმში დღეს მიემგზავრებიან.

იტვირთბა....