ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან ე.წ. მატროსოვის ციხეში მისი ადვოკატები შევიდნენ.
ადვოკატ გიორგი ფანცულაიას განცხადებით, ბრალდებულთან შეხვედრის მთავარი მიზანი მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაგებაა.
ფანცუალიას თქმით, დეკანოზს სურს, რომ სასამართლო პროცესები იყოს საჯარო, ამიტომ, ადვოკატი აცხადებს, რომ დეკანოზი ოჯახისთვის დაცვის მოხსნას მოითხოვს.
ამასთან, როგორც ადვოკატი განმარტავს, პროკურატურის მხრიდან წინასასამართლო სხდომის დახურვის შუამდგომლობისას ერთ-ერთ არგუმენტს წარმოადგენდა ის, რომ ბრალდებულის ოჯახის წევრების მიმართ დაცვის ღონისძიება ხორციელდებოდა, რასაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს.
„აქ მოსვლის მთავარი მიზანი არის ის, რომ გავიგო მამა გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ახლა წავიდა სასწრაფო და იმედია, ამით მამა გიორგი არ წაიყვანეს. ადვოკატები კატეგორიულად ვეწინააღმდეგებოდით, რომ მას დაეწყო შიმშილობა, რადგან სულ ვამბობდი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და ეს არის კატეგორიულად მიუღებელი.
ასევე მოვედი იმისთვის, რომ დავგეგმოთ სამართლებრივი ღონისძიებები, რომელსაც ის აპირებს. მამა გიორგი ფიქრობს, რომ შესაძლოა დააყენოს პროკურატურაში მისი ოჯახისთვის უსაფრთხოების მოხსნის საკითხი.
შესაძლოას იმიტომ ვამბობ, რომ ეს იქნება მისი მხრიდან, როგორც თვითონ ამბობს, მსხვერპლზე წასვლა“,- განაცხადა ფანცულაიამ.
ბრალდებულ დეკანოზთან ციხეში სახალხო დამცველის წარმომადგენელიც მივიდა.
შეგახსენებთ, რომ მამა გიორგი მამალაძემ შიმშილობა დაიწყო. დეკანოზის მოთხოვნა პატრიარქთან და სინოდის წევრებთან შეხვედრაა.