ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის ვეტერანი, შავნაბადას ბატალიონის პირველი ასეულის ყოფილი მეთაური მალხაზ თოფურია სოციალურ ქსელში ელენე ახვლედიანის ოჯახის შესახებ წერს:
„ელენე ახვლედიანის ძმამ გიორგი ახვლედიანმა (პირდაპირმა მემკვიდრემ) ქ-ნი ელენეს გარდაცვალების შემდეგ ყოველგვარი ზეწოლისა და მოთხოვნის გარეშე ქიაჩელის N12 მდებარე ბინა (150 კვ) და 3600 ნახატი (აბსოლუტურად ყველა) უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს…
ალბათ ვერასდროს წარმოიდგენდა ბატონი გიორგი მისი შვილიშვილი ირაკლი ახვლედიანი 3 მცირეწლოვანი ბავშვით (5,4, და1 წლის) გამოსახლების და უსახლკაროდ დარჩენის წინაშე დადგებოდა კერძო მევახშის გაუმაძღრობის გამო, რომელსაც აღნიშნული ბინის სამმაგი საფასური უკვე ისედაც აღებული აქვს. არ ვიცი საქართველოში არსებულმა მსხვილმა ფირმებმა თუ ბანკებმა ამ ოჯახის ქუჩაში დატოვებისგან ხსნაზე უკეთესი რა შეიძლება გააკეთოს. ისე ქვეყანა და მთავრობაც მოვალეა ამ ოჯახის წინაშე ალბათ ათიოდ ნახატი გვერდზე რომ გადაედო ბაბუას და ქვეყნისთვის „მოეტეხა”, ალბათ „სახვეწარიც” არაფერი იქნებოდა”, – წერს თოფურია.
მხატვარ ელენე ახვლედიანის ოჯახს ასახლებენ. როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, ვაკეში მდებარე 4 ოთახიანი ბინა 31 ათას დოლარად ნათესავის სიცოცხლის შესანარჩუნებლად დააგირავეს.
ოჯახის ახლობელი მაშინ დაპირდა , რომ პროცენტებს გადაიხდიდა თუმცა ბოლო ორი თვის თანხა აღარ შეიტანა და ახვლედიანების სახლი 1280 დოლარიანი დავალიანების გამო აუქციონზე აღმოჩნდა და ის 5 000 ლარად გაიყიდა.
ახვლედიანების ოჯახს აღსრულების ბიუროდან უკვე მიუვიდათ ცნობა ფართის ნებაყოფლობით დატოვების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ იძულებით გაასახლებენ.
ელენე ახვლედიანის შთამომავლების ოჯახში 7 სული ცხოვრობს და ისინი სოციალურად დაუცველები არიან.