30 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა ქალმა მამაკაცი სექსუალური ძალადობის მცდელობისას ბასრი საგნით დაჭრა. შსს-ს განცხადებით, მომხდარის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და თავისუფლების 1-დან 8 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
შემთხვევა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თექალოში მოხდა – ბრალდებული 24 წლის თურქანა მ.-ა, ეჭვმიტანილია, რომ 25 წლის ჰუსეინ მ. სამზარეულოს დანით დაჭრა. ახალგაზრდა კაცი მუნიციპალიტეტის საავადმყოფოში იმყოფება, ოფიციალური ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
ადგილობრივები მომხდარში მამაკაცს ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ქალმა გარდა იმისა, რომ თავი დაიცვა, დისთვისაც იძია შური. გვესაუბრება სოფელ თექალოს მცხოვრები, რომელმაც ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა:
– აზერბაიჯანლებს მამების, ძმების ან ქმრების შურისძიების ამბავი ხშირად გვსმენია, მაგრამ ქალისგან შურისძიება იშვიათია. თუმცა ნამდვილად არ გვიკვირს, რაც მოხდა, ამ ყველაფერს დიდი ხნის საფუძველი ჰქონდა.
– როგორც გავიგეთ, თურქანა და ჰუსეინი მეზობლები არიან…
– დიახ, ვიდრე ეს ამბავი მოხდებოდა, გვეგონა, რომ მშვიდობიანად დასრულდებოდა მათ ოჯახებს შორის არსებული უთანხმოება. საქმე ისაა, რომ ჰუსეინ მამედოვი თავდაპირველად თურქანას უმცროს დაზე იყო ვითომ შეყვარებული. მთელმა სოფელმა ვიცოდით, რომ იგი მის ცოლად მოყვანას აპირებდა, მაგრამ ერთ დღეს ადგა და ცოლი მეზობელი სოფლიდან მოიყვანა, რითაც გოგოც და მისი ოჯახიც ძალიან გაამწარა. ჩვენს სოფლებში ასე ხდება, თუ გოგო და ბიჭი ერთმანეთს ელაპარაკებიან, მათი სიყვარულის ამბავი ცნობილია და არ ოჯახდებიან, მერე ამ გოგოს გათხოვება ძალიან ძნელდება, ასეთი ქალის სახლში შეშვება არავის უნდა, სახელგატეხილად მიიჩნევა.
ჰუსეინმა კი არაფრად ჩააგდო ეს ყველაფერი და ცოლის მოყვანის შემდეგ ბაქოში წავიდა მშენებლობაზე სამუშაოდ და შვილიც შეეძინა. როცა ვამბობ, გვეგონა ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდებოდა-მეთქი, ამის მზეზი ისიც იყო, რომ ამ ყველაფრიდან 3 წელიწადი გავიდა… მაგრამ ეს ბიჭი დაბრუნდა ბაქოდან და ისევ აურია ყველაფერი…
– 3 წელიწადი ცოტა დრო არ არის… რა მოხდა ისეთი, რომ ახალგაზრდა ქალმა ეს ნაბიჯი გადადგა?
– ვიდრე ჰუსეინი ბაქოში ცხოვრობდა, თურქანა ჰუსენის მეზობლად გათხოვდა, ისე, რომ თურქანასა და ჰუსენის სახლები სულ 20 მეტრით არის დაშორებული. ბაქოდან ჩამოსულმა ჰუსეინმა მეზობლად თურქანა რომ დაინახა, ახლა იმას გადაეკიდა, ეძალებოდა, მესიჯებს უგზავნიდა, მომწონხარ და შენთან ყოფნა მინდაო…
– ისეთი დარწმუნებით ამბობთ ამას, დანამდვილებით იცით, რომ ასე იყო?
– როგორ არ უნდა ვიყო დარწმუნებული, როცა ამის გამო ერთმანეთს ოჯახებით გადაეკიდნენ, – ჰუსეინისგან შეწუხებულმა თურქანამ ეს ყველაფერი ქმარს უთხრა და მესიჯებიც აჩვენა, ქმარი გადაირია, მამედოვებს მიუვარდა შინ, ჰუსეინს მოკვლით ემუქრებოდა… მეზობლებმა გააშველეს, – მორიგდითო. თურქანას ოჯახმა პოლიციაც კი გამოიძახა, ხელწერილი დაადებინეს ჰუსეინს, რომ ამას აღარ გაიმეორებდა, ხოლო თუ გაიმეორებდა, დააპატიმრებდნენ. ამის მერე ჰუსეინი ისევ წავიდა სოფლიდან…
რამდენიმე დღის წინ ბაირამობის დღესასწაული გვქონდა და ჰუსეინი ამჯერადაც ჩამოვიდა სოფელში და როგორც ჩანს, გოგო ისევ შეაწუხა… ბაირამობის მეორე დღეს ბიძებთან და მამასთან ერთად პომიდვრის სათბურში წასულა სამუშაოდ. იქიდან დაბრუნებულს, თურქანას ქმარი დახვედრია და ისევ კონფლიქტი მოსვლიათ, ამჯერადაც მეზობლებმა გააშველეს.
იმავე დღეს მოხდა ეს ამბავიც. როგორც ჩანს, გოგოს ყელში ამოუვიდა ეს ყველაფერი, ოჯახი სასადილოდ სუფრასთან რომ დაჯდა, თვითონ გადავიდა მეზობლის ეზოში, ჰუსეინს დაუძახა… იქ ზუსტად რა მოხდა არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, ქალს დანა ჰქონდა თან, რომელიც ბიჭს მუცელში ისე ძლიერად დაარტყა, თირკმელები დაუზიანა.
– ამჟამად, სად იმყოფება დანაშაულში ბრალდებული?
– სახლშია. პოლიციამ კი დააკავა, მაგარამ გაუსვლელობის ხელწერილი დააწერინეს და გამოუშვეს. ჰუსეინ მამედოვის მომჯობინებას ელოდებიან, რომ დაჰკითხონ. თავის დროზე, ბიჭი რომ დაეპატიმრებინათ, ქალი ამ დანაშაულს არ ჩაიდენდა. პოლიციამ რომ ვერ დაიცვა, ადგა თავად დაიცვა თავი, თან ქმარსაც თავიდან აარიდა დანაშაულის ჩადენა. უთქვამს, მოსაკლავი იყო, ჩემი დის ცრემლები არ ეყო, ჩემი ოჯახის დანგრევა მოინდომაო.
ორი პატარა შვილი ჰყავს, თუ დააპატიმრეს, ძალიან ცუდი იქნება, იმედია, გაითვალისწინებს სასამართლო ამ ყველაფერს, ქალი იძულებული გახდა დანაშაული ჩაედინა…
ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)
KVIRISPALITRA.GE