ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

სასამართლომ ავტოავარიაში ბრალდებულ პირს 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მთვრალ მდგომარეობაში ჩადენილი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაში, რამაც ექვსი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ტარიელ ჯამალაშვილი დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს.

“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 11 თებერვალს ბაკურციხიდან თბილისის მიმართულებით მოძრავ ფორდ-ტრანზიტის მარკის ავტომობილს მთვრალ მდგომარეობაში მყოფი, მართვის უფლების არმქონე ტარიელ ჯამალაშვილი მართავდა, რა დროსაც საგარეჯოს რაიონის სოფელ ბადიაურის მიმდებარე ტერიტორიაზე ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, გადავიდა საპირისპირო მოძრაობის ზოლში და „ოპელ-ვექტრას“ მარკის ავტომობილს შეეჯახა. შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანებებით ოპელ-ვექტრას მარკის ავტომობილის მძღოლი, სამი მგზავრი და ავტომობილ ფორდ-ტრანზიტის ორი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალნენ.

სამართალდამცველებმა ტარიელ ჯამალაშვილი სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2016 წლის 19 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი პირის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში) წარედგინა.

თელავის რაიონულმა სასამართლომ ტარიელ ჯამალაშვილი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მასვე ორი წლით ჩამოერთვა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.”- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

იტვირთბა....