ფშავ-ხევსურეთში ბარისახოს პანსიონში ბავშვები წყლისა და სველი წერტილებისა გარეშე ცხორობენ. ისინი ითხოვენ წყალს, ხელების დასაბანად და საჭმელს, რომ არ შიოდეთ – ამის შესახებ mtisambebi.ge წერს.
„15 ბავშვი ბარისახოს პანსიონში ცხოვრობს, 10 – მაღაროსკარში. ისინი პირაქეთა ხევსურეთისა და ფშავის იმ სოფლებიდან არიან, საიდანაც სკოლები ძალიან შორსაა. ბავშვები პანსიონებში ორშაბათიდან პარასკევამდე ცხოვრობენ. ზოგჯერ, დიდთოვლობის გამო სოფლებში ვერ ბრუნდებიან და შაბათ-კვირასაც იქ რჩებიან. პანსიონებში არც წყალია, არც ტუალეტი და აბაზანა, ბარისახოს პანსიონში სამზარეულოც არ თბება. მოსწავლეები, რომლებსაც სკოლებთან ახლოს ნათესავები არ ჰყავთ, მთელი კვირის განმავლობაში დაბანას ვერ ახერხებენ“- წერს სტატიის ავტორი გელა მთივლიშვილი.
ერთ-ერთი პანსიონში მცხოვრები, მე-11 კლასელი, მირანდა ჭინჭარაული ამბობს, რომ მათ აბაზანის მიღების შესაძლებლობა არ აქვთ.
„სამზარეულოში გათბობა საერთოდ არ არის. თუ გშია, უნდა ჭამო. პრობლემა ის არის, რომ არ შეგვიძლია ხელის დაბანა, ჰიგიენის დაცვა, წყალი არ მოდის და წყლის მოსატანად ბავშვებით თვითონ დავდივართ საკმაოდ შორ მანძილზე. აბაზანის მიღების შესაძლებლობა საერთოდ არ გვაქვს. ვისაც ნათესავი ჰყავს ბარისახოში იქ მიდის და იქ იბანს, მაგრამ არიან ბავშვები, რომლებსაც ამის შესაძლებლობა არ აქვთ.
მწვადს და ხინკალს ნამდვილად არ ვითხოვთ. ვითხოვთ წყალს, რომ ხელები დავიბანოთ. ვითხოვთ ცოტა მეტ საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“, – ამბობს მირანდა ჭინჭარაული.
წყარო: mtisambebi.ge