სამტრედიაში გარდაცვლილი დემურ სტურუას დედა ბრალდებული პოლიციელის, გოდერძი თევზაძის უდანაშაულობასა და საქმეში არსებულ ახალ მტკიცებულებებზე საუბრობს. ნონა ჯოჯუას განცხადებით, საქმის მასალებში დევს წერილი, რომელიც მან სახლის ეზოში იპოვა და რომლითაც ირკვევა, რომ დემურ სტურუას, ჯართის ჩამბარებელ პუნქტში, ერთ-ერთ პირთან პრობლემები ჰქონდა.
”ჩემს შვილს ჰქონდა პრობლემა ”მეჯართესთან”. წაუღია ჯართი ტაქსით და მოპარული არყის ქვაბები ჩაუბარებია. ამ ტაქსის მძღოლმა მოაკითხა და დატოვა წერილი, რომ ნახვა უნდოდათ მისი. ეს წერილი მივიტანე პროკურატურაში, დაკითხეს ეს მძღოლი, მაგრამ შედეგი არაფერია. არავის აინტერესებს სიმართლე. დაკავებულია გოდერძი თევზაძე და არ მინდა უდანაშაულო ადამიანი დაისაჯოს, მაშინ, როდესაც ჩემი შვილის მკვლელი თავისუფალია. ჩემს შვილს იძულებით დააწერინეს წერილი და ჩამოკიდეს. არ მჯერა, რომ გოდერძი თევზაძე ჩემი შვილის მკვლელობასთან რაიმე კავშირშია”, – განაცხადა ნონა ჯოჯუამ.
შეგახსენებთ, რომ სამტრედიაში სოფელ დაფნარში მცხოვრებმა დემურ სტურუამ 7 აგვისტოს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გარდაცვალებამდე კი წერილი დატოვა, სადაც სამტრედიის პოლიციის თანამშრომელს, გოდერძი თევზაძეს ზეწოლაში ადანაშაულებდა. პროკურატურამ თევზაძეს ბრალი წაუყენა, თუმცა ის მიმალვაში იმყოფებოდა, მოგვიანებით კი სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა.