ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„აფხაზები ფიქრობენ, რომ ეს კრემლიდან წამოსული პროვოკაციაა“

აფხაზეთში მცხოვრები სომხური მოსახლეობა სომხურისთვის კულტურული ენის მინიჭების მოთხოვნით გამოდის. სომხური საზოგადოებრივი ორგანიზაცია “კრუნკი”, აფხაზეთში “ნაციონალურ-კულტურული ავტონომიის” შექმნას ითხოვს.

მიმართვაში, ავტორი დასძენს, რომ სომხური მოსახლეობა  აქტიურად მონაწილეობდა ქართულ-აფხაზურ ომში, რა დროსაც ათასი სომეხი აფხაზეთის გმირი გახდა. თუმცა, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ისინი ახალი, აფხაზური ფაშიზმის წინაშე აღმოჩნდნენ.

“აქედან გამომდინარე, ორგანიზაცია “კრუნკის” წარმომადგენლობა, აფხაზეთის სომხური ინტელიგენცია აცხადებს, რომ აფხაზეთის ძირძველ სომხურ მოსახლეობას სრული უფლება აქვს ქვეყანაში სომხური ნაციონალური-კულტურული ავტონომია დააფუძნოს.

კონფლიქტოლოგი და კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე „მეტრონომთან“ ამბობს, რომ სომხური ორგანიზაცია „კრუნკი“ ფაქტობრივად დაშლილია და რთული წარმოსადგენია ამ ფონზე ეს განცხადება და მოთხოვნები მათ მიერ იყოს გამოქვეყნებული. მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ეს ერთგვარი პროვოკაციაა, რათა აფხაზები გაფრთხილდნენ და თუ რუსების მიმართ ჭკუით არ მოიქცევიან, კრემლის მხრიდან მსგავსი სახის პროვოკაციები იქნება.

„სომეხი ინტელიგენციის მიერ შექმნილი ორგანიზაცია „კრუნკი“ თითქმის დაშლილია და ნაკლებად წარმოსადგენია ამ ხალხმა მსგავსი სახის მოთხოვნები გაბედონ. თავად აფხაზები ფიქრობენ, რომ ეს უფრო კრემლიდან წამოსული პროვოკაციაა, რომელიც მათთვის ერთგვარ გაფრთხილების სიგნალს ჰგავს, ამიტომ  საგანგაშო არაფერია. მგონია, რომ ასეთი განცხადებების გავრცელების უკან რუსეთი დგას“, – ამბობს არეშიძე.

იტვირთბა....