31 მარტს, ლესელიძის ქუჩაზე, ერთ-ერთ ღამის კლუბში მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც ინდოელ ტურისტებს კლუბის ადმინისტრაციამ ზედმეტი თანხა მოსთხოვა და შემდეგ დაემუქრა, შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე იძიებს.
შემთხვევით უკვე დაინტერესდა ტურიზმის ეროვნული სააგენტო, რომელიც დღის ბოლომდე ვიზიტორებთან დახურულ შეხვედრას გამართავს და აღნიშნულ ფაქტზე მოკვლევას დაიწყებს.
კლუბიდან გამოსული უკმაყოფილო ტურისტების შესახებ ინფორმაცია მიმდებარედ განთავსებულ მაღაზიებშიც აქვთ.გიდები ყვებიან რომ მსგავსი შეთხვევაში ხშირია როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა ქალაქებში, თუმცა ტურისტები საქმის გართულებას ერიდებიან და საპატრულო პოლიციას არ მიმართავენ. გიდების მტკიცებით, საქართველოს იმიჯს ხშირად საეჭვო რეპუტაციის ღამის კლუბები ულახავენ.
შეგახსენებთ, რომ 3 ინდოელი სტრიპტიზბარ DOLLS-ს თანხის გამოძალვაში ადანაშაულებს. ტურისტებმა პოლიციაში განცხადება შეიტანეს. მათი მტკიცებით, ანგარიშში მითითებული თანხის გაპროტესტების შემდეგ, მათ დაცვის სამსახურის ოთახში მუქარით და ძალის გამოყენებით წაართვეს ნაღდი ფული 200 ლარი, 500 არაბული დირჰემი და ბარათიდან მოუხსნეს 3 636 ლარი.
ღამის კლუბიდან განცხადება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით პასუხი არავის გაუცია. ადგილზე მისულ ჟურნალისტებს კლუბი დაკეტილი დახვდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ბარი მუშაობას საღამოს საათებში იწყებს.