აქტუალური თემა ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი პოლიტიკა

პრეზიდენტი მარგველაშვილი მეორე ვადით: რისი იმედი არ უნდა ჰქონდეს ბოკერიას გუნდს

„მეტრონომის“ ექსკლუზიური ინტერვიუ კონსტიტუციონალისტ და პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძესთან

ელზა პაპოშვილი

კონსტიტუციონალისტი და პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „მეტრონომთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები ლოგიკურია და  საზოგადოებაში დღეს არსებულ განწყობას სრულად ასახავს. მისი თქმით, გასაკვირი არ არის ასევე ისიც, რომ გამოკითხულთა შორის, ყველაზე მეტი ხმა პრეზიდენტს ერგო და პოლიტიკოსთა რეიტინგის მიხედვით, პირველ ადგილს იკავებს.

ძაბირაძე ფიქრობს, რომ მარგველაშვილმა ქვეყანაში არსებული სიტუაცია საკმაოდ სწორად შეაფასა და ის ქმედითი ნაბიჯები გადადგა რამაც საზოგადოებაში მის მიმართ სიმპათია გამოიწვია. პოლიტოლოგს მიაჩნია, რომ ამით ფაქტობრივად, მარგველაშვილი უკვე ერთ-ერთ საპრეზიდენტო კანდიდატად წარმოჩინდა. მისი აზრით, პრეზიდენტისთვის ეს საკმაოდ კარგი ნიშანია, რომ მან როგორც ცალკე პოლიტიკურმა მოთამაშემ სვლა განაგრძოს. მის ქმედებებს, ამ კვლევით გამოჩნდა, რომ საზოგადოება დადებით შეფასებებს აძლევს. მას ჰყავს ამომრჩეველი, რომელსაც მისი ნეიტრალური ფიგურა იზიდავს და მისგან უფრო მკვეთრ ქმედებას  ელიან.

„მეტრონომი“: საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, პოლიტიკოსებს შორის საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პირველ ადგილს 67%-ით იკავებს. ხოლო მეორე ადგილზე  65%-ით ჯანდაცვის მინიტრი დავით სერგეენკოა, მას მესამე ადგილზე  პრემიერი გიორგი კვრიკაშვილი 55%-ით  მოსდევს. მეოთხე ადგილს კი 50%-ით დავით ბაქრაძეა. როგორ შეფასებთ ამ მონაცემებს და როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა ის, რომ პრეზიდენტი გამოკითხულთა შორის პირველ ადგილზეა?

ვახტანგ ძაბირაძე: პროცენტებზე შეიძლება ვიდაოთ, მაგრამ ადგილების განაწილების ტენდენცია მგონია, რომ დღევანდელი ვითარების ადეკვატურია და საზოგადოების განწყობას სწორად გამოხატავს. საწყენია, რომ ამას ხელისუფლება ვერ და არ აცნობიერებს. რაც შეეხება იმას, რომ პრეზიდენტი პირველ ადგილზეა, ამას თავისი ლოგიკური ახსნა აქვს და მოდი თანმიმდევრობით მივყვეთ.

პირველი, მინდა ჯანდაცვის მინისტრის პოზიციას შევეხო და ვთქვა, რომ დავით სერგეენკო ხელისუფლებაში ერთადერთი მინისტრია, რომელიც თავის რეიტინგს ყოველთვის უცვლელად ინარჩუნებს.

ეს გამომდინარეა იქიდან, რომ მან საზოგადოებასთან მიმართებაში ძალიან სწორი და გამართლებული ტონი აიღო. მეორე მომენტია, რომ ჯანდაცვაზე ძალიან დიდი ხარჯები წავიდა, თუმცა მან მიმართულება სწორად მისცა და ამიტომაც საზოგადოების მხრიდან მას დადებითი შეფასება აქვს.

რაც შეეხება პრემიერს გიორგი კვირიკაშვილს, მისი მესამე ადგილზე ყოფნა ლოგიკურია. ერთი წლის წინ ის როცა ხელისუფლებაში მოვიდა, მისდამი მოლოდინები საკმაოდ დიდი იყო. თუმცა, ამ ქვეყანას იმდენი პრობლემები აქვს, რომ კვირიკაშვილი პასუხისმგებელი ერთ კონკრეტულ საკითხზე არ არის.

პრემიერი მთლიანად ყველა პრობლემურ საკითხზე პასუხისმგებელია. ამიტომაც, მისდამი საზოგადოების მხრიდან ადეკვატური დამოკიდებულებაა. რაც შეეხება პრეზიდენტის პოზიციას, ის ბოლო პერიოდში საგრძნობლად გააქტიურდა.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ საკონსტიტუციო კომისიას კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მიუღია, პრეზიდენტის მიერ დაწყებულმა კამპანიამ „კოსტიტუცია ყველასია“, ფაქტი, რომ შედეგი გამოიღო.

მიუხედავად იმისა, რომ გაუგებარია ამ ხალხთან რაზე მსჯელობს, იმიტომ რომ კონსტიტუციის ჯერ სამუშაო ვერსიაც კი არ არსებობს, მან ამით საზოგადოების განწყობა შეამოწმა და სწორი შედეგიც მიიღო. გამოდის, რომ მოსახლეობამ პრეზიდენტის პიდაპირი წესით არჩევას მხარი დაუჭირა. მოსახლეობას მარგველაშვილის მიმართ, მის მიერ ბოლო დროს დაწყებული აქტიურობის პარალელურად, სიმპათიები გაუჩნდა.

ქვეყანაში გაჩნდა პიროვნება, რომელიც მართალია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე პასუხს მთლიანად ვერ აგებს, მაგრამ მისი, როგორც ნეიტრალური ფიგურის მიმართ, საზოგადოებას ინტერესი გაუჩნდა.

– შესაძლებელია, რომ ეს პრეზიდენტ მარგველაშვილისთვის ერთგვარი ნიშანი და წახალისება იყოს, რომ მან ცალკე როგორც დამოუკიდებელმა პოლიტიკურმა ფიქგურამ ქართულ პოლიტიკაში მოქმედება დაიწყოს?

– რა თქმა უნდა, რომ ეს მაგრველაშვილისთვის ძალიან კარგი ნიშანია, რათა მან ცალკე პოლიტიკურმა ფიგურამ აქტიურობა დაიწყოს. ვფიქრობ ეს შედეგი მშვენიერია იმისთვის, რომ მან საზოგადოების სიმპათია კიდევ უფრო გააღრმავოს.

ფაქტობრივად, ჩათვალეთ, რომ იმ ადამიანებმა, რომლებმაც მარგველაშვილს ამ გამოკითხვაში მხარი დაუჭირეს, მას როგორც პოტენციურ კანდიდატს ისე უყურებენ. როგორც კი მარგველაშვილი აქტიურობას იწყებს, ხელისუფლებაც და პოლიტოლოგებიც განცხადებებს აკეთებენ იმაზე, რომ მას მეორე ვადით პრეზიდენტობა სურს.

მხოლოდ მარგველაშვილის, როგორც ნეიტრალური ფიგურის მიმართ, საზოგადოებას ამ გამოკითხვაში ხმა არ მიუცია. მათ პასუხი გასცეს ასევე კითხვას, სურთ თუ არა რომ მარგველაშვილმა მეორე ვადითაც ბედი სცადოს.

შეიქმნა სიტუაცია, როდესაც მოსახლეობისთვის მარგველაშვილი ფაქტობრივად, ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი გახდა. თუ ის ამ აქტიურობას გაგრძელებს, შესაძლოა, რომ ის ქართულ პოლიტიკურ სინამდვილეში ერთ-ერთი სერიოზული ანგარიშგასაწევი ძალა გახდეს.

– ამ მონაცემების საფუძველზე, შეიძლება ვთქვათ, რომ მარგველაშვილი საზოგადოებაში ახლა უფრო დიდი რეიტინგით სარგებლობს, ვიდრე 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელსაც ხმა მოსახლეობამ ფაქტობრივად, ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტს მისცა. მან შეძლო, რომ ივანიშვილის გავლენისგან გათავისუფლებულიყო? როგორც დამოუკიდებელ პოლიტიკურ ფიგურას, მას რა შანსები აქვს ახლა?

– მარგველაშვილის პრეზიდენტობა ნამდვილად ივანიშვილის დამსახურება იყო. თუმცა, მან როგორც კი დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო, ხელისუფლების და მისი უპირობო მხარდაჭერებისთვის გახდა ეს კრიტიკის ობიექტი, მაგრამ საზოგადოება მაინც ისეთ ფიგურას ეძებს, რომელიც ყველასგან დამოუკიდებელი იქნება.

ხელისუფლებას, რომ წარმატებული პოლიტიკა და საზოგადოებისგან მართლა  დიდი  მხარადჭერა ჰქონდეს, მაშინ მარგველაშვილის პოლიტიკური რეიტინგი საერთოდ გაქრებოდა.  იმ ფონზე რომ მთავრობის მიმართ მოსახლეობას ისეთი აღტკინებული დამოკიდებულება აღარ აქვს, მარგველაშვილი ამ ფონზე, ყველაზე დადებით ფიგურად წარმოჩინდება.

– შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლებიდან და ოპოზიციისგან გამოთავისუფლებულმა ელექტორატმა, ახალი პოლიტიკური ფიგურის ძებნა დაიწყო და მარგველაშვილი ამას კარგად მიხვდა. მან გამოიყენა ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია და საზოგადოებას ის შესთავაზა რაც მათ სურდათ?

– ქვეყანაში ვხედავთ, რომ პოლიტიკური ფიგურები არჩევნების შემდეგ, ფაქტობრივად, განულდა. ახალი ფიგურა ვერ და არ გამოჩნდა. ამიტომ ის ადამიანები, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ მხარს თავიდანვე არ უჭერდნენ, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ თავის მხრივ იმედი გაუცრუათ, გამოსავალს ეძებენ.

აღმოჩნდა, რომ უარყოფითად დამუხტული ელიტის ყურადღების ცენტრში პრეზიდენტი დადებით კონტექსტში წარმოჩინდა. ამიტომ მგონია, რომ ეს მოვლენა ძალიან კარგია, არა იმიტომ, რომ მარგველაშვილით მოხიბლული ვარ, არამედ იმიტომ, რომ ქვეყანაში აუცილებელია ისეთი პოლიტიკური ფიგურის გაჩენა, რომელიც ბათუმის მსგავს სიტუაციას თავიდან აგვაცილებს და საზოგადოებასთან ვიღაცას სალაპარაკო ექნება.

– გამოდის, რომ მარგველაშვილი ქვეყანაში შექმნილი სიტუაციით კარგად სარგებლობს…

– გამომდინარე იმ რეიტინგიდან რაც ახლა მას აქვს, სხვაგვარი შეფასების გაკეთება შეუძლებელია. ერთი წლის წინ ის ხუთეულშიც კი ვერ მოხვდებოდა. დღეს კი აღმოჩნდა, რომ პირველ ადგილზეა.

არ ვიცი ეს გააზრებულად ქნა თუ ვინმემ დაარიგა, მაგრამ ფაქტია, რომ მისი ახლანდელი მოქმედება ყველაზე სწორი და შორს გამსჭვალულია. თუ ვინმემ უკარნახა, არც ეს არის ცუდი. გამოდის, რომ მას აქვს იმის უნარი, რომ ჭკვიან ხალხს მოუსმინოს. პრეზიდენტმა სწორად შეაფასა არსებული ვითარება და ნაბიჯებიც სწორად გადადაგა.

– როგორ შეფასებთ იგივე პარტიების რეიტინგს. „ქართული ოცნება“  30%-ი, „ნაციონალური მოძრაობა“ 15 %-ი ხოლო „ევროპული საქართველო“ 8%-ი. ასახავს თუ არა ეს მონაცემები საზოგადოებაში არსებულ განწყობას?

– სწორი სურათია და ვფიქრობ, რომ ეს მონაცემები ლოგიკურია. „ნაციოონალური მოძრაობა“ გაიყო და მისი ამომრჩეველიც გადანაწილდა. ამიტომაც „ევროპულ საქართველოს“ იმის იმედი არ უნდა ჰქონდეს, რომ ხელისუფლებაზე განაწყენებული ამომრჩეველი მათთან გაიქცევა. რაც შეეხება „ნაციონალებს“, იქ ძირითადად მიხელ სააკაშვილის ამომრჩევლები დარჩნენ.

იტვირთბა....