ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზვიად გამსახურდიას წინასწარმეტყველება

დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა.

ზვიად გამსახურდია დაიბადა თბილისში, ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს კონსტანტინე გამსახურდიას და მირანდა ფალავანდიშვილის ოჯახში. დაამთავრა თბილისის 47-ე საშუალო სკოლა (1957) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისური ლიტერატურის სპეციალობით (1962). ჰყავდა ორი მეუღლე და სამი შვილი:

* პირველი მეუღლე დალი ლოლუა, შვილი კონსტანტინე გამსახურდია;
* მეორე მეუღლე მანანა არჩვაძე-გამსახურდია, შვილები ცოტნე და გიორგი გამსახურდიები.

 

ზვიად გამსახურდია წლების მანძილზე მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპისა და ლიტერატურის ფაკულტეტის დოცენტად. 1973 წელს მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის, ხოლო 1991 წელს — მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხები. 1972-1977 და 1983-1990 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის რუსთველოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1970-1977 წლებში საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. მას გამოქვეყნებული აქვს მნიშვნელოვანი სამეცნიერო შრომები (მათ შორის 4 მონოგრაფია) რუსთველოლოგიის, ქართული კულტურის ისტორიის, ქართული ლიტერატურის ისტორიის, თეოლოგიის, ამერიკული პოეზიის ისტორიის საკითხებზე. გამოცემულია მისი ლექსებისა და იგავ-არაკების კრებულები, აგრეთვე, შექსპირის, ბოდლერის, გოგოლის და სხვათა თხზულებების მისეული თარგმანები.
ზვიად გამსახურდია იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი და ადამიანის უფლებათა დაცვის მოძრაობების ლიდერი საქართველოში (1960-1990), დემოკრატიულად არჩეული საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი, მეცნიერი (ფილოლოგი, ისტორიკოსი, ფილოსოფოსი, თეოლოგი), მწერალი და მთარგმნელი. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის სფეროში შედიოდა: ქართული მწერლობის ისტორია, იბერიულ-კავკასიური ცივილიზაციის ისტორია, ქართული კულტურის ისტორია, ამერიკული პოეზიის ისტორია, რუსთველოლოგია, ანთროპოსოფია, ქართული მართმადიდებლური ეკლესიის ისტორია და ა.შ. ის იყო ავტორი 40 მნიშვნელოვანი სამეცნიერო შრომისა (4 მონიგრაფიის) და 200-ზე მეტი პუბლიცისტური ნარკვევის.

ზვიად გამსახურდიას  წინასწარმეტყველება

1991 წლის დამდეგს, მაშინდელმა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ – ზვიად გამსახურდიამ ტელევიზიით მიმართა ქვეყნის მოსახლეობას. მიმართვა დაიბეჭდა გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“1991 წლის 1 იანვრის ნომერში.

გთავაზობთ ფრაგმენტს ამ მიმართვიდან, რომელიც ეხება  რუსეთის ახალ ექსპანსიას საქართველოში და რომელიც დღემდე გრძელდება:

„მოახდინა თუ არა მოსკოვში მიმდინარე პროცესებმა რაიმე ზეგავლენა ჩვენს შინაურ პოლიტიკაზე? არ არის დასამალი, რომ ბევრი მითქმა–მოთქმა გამოიწვია შევარდნაძის გადადგომამ. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ განვაცხადეთ, რომ ამ გადადგომას ჯერ ვერ მივცემთ საბოლოო შეფასებას, სანამ იგი დაკმაყოფილებული არ იქნება ცენტრალური ხელმძღვანელობის მიერ. და თუ იგი დაკმაყოფილებული იქნა, მაშინ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს არის გარკვეული მანევრი, რათა მას შეუქმნან კიდევ დიდი ავტორიტეტი, აამაღლონ მისი პოპულარობა და შემდეგ სცადონ მისი მეშვეობით საქართველოს შინაურ საქმეებში ჩარევა და, შესაძლოა, მისი ჩამოყვანაც საქართველოში, რასაც ჩვენ, რასაკვირველია, სათანადო შეფასებას მივცემთ, როდესაც საჭირო იქნება. არ ვიცით, საბოლოოდ ამას ჯერჯერობით ვერ დავამტკიცებთ, მაგრამ შეიძლება ეს მანევრი განხორციელდეს სწორედ იმ მიზნით, რომ ხელახლა სცადონ საქართველოს დაქვემდებარება თავიანთი დიქტატისადმი. ეს შეიძლება სწორედ ამ მიზნით განხორციელდა, მაგრამ ჯერჯერობით საბოლოო შეფასებისაგან თავს ვიკავებთ. ასე რომ, კიდევ ვიმეორებ, ცენტრში მიმდინარე პროცესები გვაფიქრებინებს, რომ უფროდაუფრო ხდება საბჭოთა იმპერიის დეზინტეგრაცია. სწორედ ეს ძალები იმარჯვებენ. რასაკვირველია, არის რეაქციული ძალების ცდები, მაგრამ მათ კიდევაც რომ მიაღწიონ დროებით წარმატებებს, რომ შემოიღონ საგანგებო მდგომარეობა მთელ საბჭოთა კავშირში და, მათ შორის, საქართველოშიც – ეს ვერ იხსნის იმპერიას და ეს ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეცვლის ისტორიის კანონზომიერებას. მოგეხსენებათ, ისტორიის უმთავრესი კანონზომიერებაა იმპერიების დროებითი არსებობა და მათი საბოლოო აღსასრული ყოველთვის გარდაუვალია!“

“საქართველოს რესპუბლიკა”, 1 იანვარი, 1991წ.

 

იტვირთბა....