მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. ცოტა ხნის წინ გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.
როგორც მან სასამართლო სხდომაზე განაცხადა, არსებობს როგორც ფაქტობრივი, ისე ფორმალური საფუძვლები იმისა, რომ ბრალდებულმა მტკიცებულებების მოპოვებას ხელი შეუშალოს. ასევე არსებობს მიმალვისა და მოწმეებზე ზეწოლის საფრთხეები.
დაცვის მხარე ბრალდებულის 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთეს დეკანოზის ადვოკატებმა.
“მამა გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს შეიცავს. მიუხედავად ამისა, გარკვეული წინაპირობები, რომ მისი პატიმრობაში ყოფნა არ იყო მიზანშეწონილი, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა, მაგრამ ეს ჩვენთვის უკვე თავიდანვე ცნობილი იყო. მოსამართლეს დიდი დრო არ დასჭირვებია გადაწყვეტილების მისაღებად. სულ რამდენიმე წუთი დასჭირდა. ეს იყო წინასწარ განსაზღვრული. მთავარი რაც არის, ე.წ. დასაბუთება გააკეთა მოსამართლემ, რომ მამა გიორგი საშიშროებას წარმოადგენს, მოწმეებზე ზეწოლის მხრივ. მოწმე, რომელიც ამ შემთხვევაში დაცვასთან ერთად დადის, იმაზე ზეწოლა მამა გიორგის მხრიდან, ძალიან აბსურდული პასუხი წამოწია მოსამართლემ და მიიღო ეს გადაწყვეტილება. საქართველოში მართლმსაჯულება არ არსებობს, არის ყველანარი სამართლებრივი ჩარჩოდან გასული შერჩევითი სამართალი. შესაბამისად, აპატიმრებენ იმას, ვინც მათ არ სჭირდებათ. ინტერესია ძალიან ბევრი ადამიანის – საერო და სასულიერო წრის”- განაცხადა დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.
შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით.
ნინო ცხადაია