საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპარისის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მეთაური გიორგი კვირიკაშვილი პირველი მოქალაქეა, რომელიც შენგენის სივრცეს ვიზალიბერალიზაციის პროცესის დასრულების შემდეგ ეწვია, რაც საბერძნეთისთვის დიდი პატივია.
ალექსის ციპარისმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის ამოქმედება კიდევ ერთხელ მიულოცა და ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავების იმედი გამოთქვა.
„კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება საბერძნეთში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პირველი მოქალაქეა, რომელიც ეწვია შენგენის სივრცეს ვიზალიბერალიზაციის პროცესის დასრულების შემდეგ და მან სიმბოლურად აირჩია, რომ ეს ქვეყანა ყოფილიყო საბერძნეთი, რაც ჩვენთვის დიდი პატივია. საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ვიზის გარეშე იმოგზაურონ საბერძნეთში, რომელიც შენგენის წევრი ქვეყანაა.
ეს ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებასა და რა თქმა უნდა, ეს არის დიდი მიღწევა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში. პრემიერ-მინისტრთან ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე. ჩვენ სტაბილურად ყოველთვის დავუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და ვითამაშებთ მნიშვნელოვან როლს ამ მიმართულებით”, – განაცხადა ალექსის ციპრასმა.
საქართველოს მოქალაქეები დღეიდან ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობენ. ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მიმავალ მგზავრთა პირველ ნაკადს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეუერთდა.
უვიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის მეთაური სიმბოლური ვიზიტით უძველესი ცივილიზაციის დედაქალაქს – ათენს ეწვია, საიდანაც ბრიუსელში გაემგზავრება.