აქტუალური თემა ახალი ამბები კრიმინალი მთავარი საზოგადოება სამართალი

შვილი მამას ხელში ჩააკვდა: მკვლელობა კახეთში

ელზა პაპოშვილი

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში წუხელ ღამით, მკვლელობა მოხდა. „მეტრონომთან“ ადგილობრივები ყვებიან, რომ 28 წლის ვალოდია გაიმასიანის მკვლელობაში, 26 წლის თანასოფლელია ეჭვმიტანილი. საქმეში ფიგურირებს სანადირო თოფი.
აღნიშნულ ფაქტს გარდაცვლილის მამა შეესწრო, რომელიც შვილს ეძებდა. ახალგაზრდას გადარჩენა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ვერ შეძლო, რადგანაც ის ადაგილზევე გადაიცვალა.
ადგილობრივების თქმით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი 26 წლის მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან არ გაქცეულა და პოლიციას თავად ჩაბარდა. რა გახდა ახალგაზრდების დაპირისპირების მიზეზი ზუსტად არავინ იცის, თუმცა „მეტრონომთან“ ადგილობრივები ერთ-ერთ ვერსიად ეჭვიანობას ასახელებენ.
სოფლის მაცხოვრებლების ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის კონფლიქტის მიზეზი შესაძლოა გოგონა გამხდარიყო. სოფელ ნაფარეულის რწმუნებული გიორგი ჯიქურიშვილი „მეტრონომთან“ აცხადებს, რომ გარდაცვლილი მისი ნათლულია და ის საქართველოში საზღვარგარეთიდან ახალი დაბრუნებული იყო. მისთვის პირადად უცნობია, რა გახდა ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების მიზეზი, რადგანაც გაიმასიანი სამშობლოში ახალი დაბრუნებული იყო.
სოფელ ნაფარეულის გამგეობის სპეციალისტი ნინო ბაინდურაშვილი „მეტრონომთან“ ამბობს, რომ 26 წლის ეჭვმიტანილმა ვალოდია გაიმასიანს დაურეკა და მასთან საუბრის მიზნით ქუჩაში გასვლა სთხოვა. ბაინდურაშვილის ინფორმაციით, შემთხვევის დროს ისინი მარტოები იყვნენ.
„გასროლის ხმაზე გარდაცვლილის მამა მივიდა, რომელსაც მძიმედ დაჭრილი შვილი დახვდა. ეჭვმიტანილმა სასწრაფო დახმარება და პოლიცია თავად გამოიძახა. გარდაცვლილი და ეჭვმიტანილიც სოფელში დადებითი და კარგი ავტორიტეტით სარგებლობდნენ. მომხდარის ახსნა მიჭირს არვიცი რა იყო მკვლელობის მოტივი. ძალიან საშინელი ამბავი მოხდა. არ ვიცი რა ვთქვა. მკველობაში ეჭვმიტანილიც და გარდაცვლილიც ძალიან კარგი ახალგაზრდები არიან. გარდაცვლილი ვალოდია საზღვარგარეთ ცხოვრობდა. მშობლებთან სულ რამდენიმე თვეა რაც დაბრუნდა. საკამოდ წესიერი და განათლებული ახალგაზრდა იყო. იგივეს თქმა ეჭვმიტანილზეც შემიძლია. სოფელში ამბობენ, რომ მათი კონფლიქტის მიზეზი ეჭვიანობა გახდა. სავარაუდოდ დაპირისპირება გოგონას გამო მოხდა. არავინ იცის სანადირო თოფი ეჭვმიტანილს თან ჰქონდა თუ შემდეგ მოიტანა. ამ უბედურებას გარდაცვლილის მამა შეესწრო მხოლოდ. ვოვას რომ დაუგვიანია, უფიქრია რამე შარს ხომ არ გადაეყარაო და მოსაძებნად წასულა. სროლის ხმაზე კი იმ ადგილას გაქცეულა, საიდანაც ხმა გაიგო. მივიდა და სასიკვდილოდ დაჭრილი შვილი ნახა. ბიჭი უბედურ კაცს ხელებში ჩააკვდა. ერთადერთი ფაქტის თვითმხილველი ის არის. ეჭვმიტანილი პოლიციას თავად ჩაბარდა“, – ამბობს „მეტრონომთან“ საუბრისას ნინო ბაინდურაშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარ ფაქტზე, 1995 წელს დაბადებული გ.ძ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და ის პოლიციამ თელავის რაიონის სოფელ კონდოლში დააკავა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.ძ.-მ თელავის რაიონის სოფელ ნაფარეულში, ურთიერთშელაპარაკებისას, თანასოფლელს – 1989 წელს დაბადებულ ვ.ს.-ს სანადირო თოფიდან 2-ჯერ ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – არარეგისტრირებული სანადირო თოფი შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო. პოლიციის ინფორმაციით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით).

იტვირთბა....