„სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველო“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიატორი“ თბილისის საკრებულოს “მილიონერი დეპუტატების” შესახებ კვლევის შედეგებს ასაჯაროებს.
საკრებულოს 13 მილიონერი დეპუტატი ჰყავს, მათ შორის პირველ ადგილს 3 383 898 ლარით “ქართული ოცნების” წევრი თამარ ტალიაშვილი იკავებს, ხოლო “მილიონრებს შორის ყველაზე ღარიბი” “ქართული ოცნების” წევრი გიორგი ტყემელაძეა 946 400 ლარით,- ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „ახალი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა და “მედიატორის” წევრმა ნინო ყურაშვილმა განაცხადეს.
“კვლევა, ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში საუბარია, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატების ქონებრივ დეკლარაციებზე. კვლევის პერიოდში შესწავლილი იქნა საკრებულოს 50 დეპუტატის ქონებრივი დეკლარაცია. ირკვევა, რომ დედაქალაქის საკრებულოში 13 მილიონერი დეპუტატია. მილიონერებს შორის პირველ ადგილს იკავებს „ქართული ოცნების“ წევრი თამარ ტალიაშვილი 3 383 989 ლარით, მას მოსდევს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ილია (ჯაბა) ჯიშკარიანი 3 349 705 ლარით, შემდეგ არის „ქართული ოცნების“ წევრი ვლადიმერ ძნელაძე 2 935 134 ლარით, მას მოსდევს ფრაქცია დედაქალაქის” თავმჯდომარე ზაზა ვეკუა 2 510 281 ლარით, ასევე „ქართული ოცნებიდან“ ავთანდილ დავითაძე 2 311 337 ლარით. მილიონერებს შორის ყველაზე „ღარიბი“ აღმოჩნდა გიორგი ტყემელაძე 946 400 ლარით, რომელიც ასევე „ქართული ოცნების“ წევრია.
საკრებულოს 50 წევრიდან ქონებრივი დეკლარაცია არ აქვს შევსებული 21 დეპუტატს. მათ შორის 12 „ქართული ოცნების” დეპუტატია, 2 – „ნაციონალური მოძრაობის“, 2 – კი „ევროპული საქართველოს“ წევრია. დეკლარაცია არ აქვს ასევე შევსებული ნინო ბურჯანაძის პარტიის ყოფილ, ამჯამად კი ფრაქცია “დედაქალქის” ორ და „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ წევრს, ასევე, დამოუკიდებელ დეპუტატებს ალეკო ელისაშვილსა და დავით მანჯავიძეს.
თბილისის საკრებულოს ერთ-ერთ დეპუტატს, ჯაბა სამუშიას, ქონებრის დეკლარაციაში დღემდე არ აქვს მითითებული საცხოვრებელი ბინა ნუცუბიძეზე. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ჯაბა სამუშია ამ ბინის კანონიერი მესაკუთრეა.
კვლევა ეყრდნობა დეპუტატების მიერ შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებს და ქონება შეფასებულია დღევანდელი საბაზრო ღირებულებების მიხედვით, მაქსიმალური ცდომილება შეადგენს 10%-ს,“ – აცხადებენ კვლევის ავტორები.
როგორც ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, საკრებულოს დეპუტატების ნაწილს აქვთ შპს-ები და მონაწილეობენ ტენდერებში, რაც წინააღმდეგობაში მოდის საჯარო მოხელის საქმიანობასთან. ხაბეიშვილი საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს, დაინტერესდნენ დეპუტატების ქონების „წარმომავლობით“.
მისივე განცხადებით, “საკრებულო ნოტარიუსად არის გადაქცეული, რომლის ხელმძღვანელიც არის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი”.