ვინ დაგეგმა „რუსთავი 2“-ის პროცესები და რატომ შესთავაზეს ყარამანაშვილებმა წილი თანამშრომლებს
ავტორი: ელზა პაპოშვილი
„რუსთავი-2“-ში, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რამდენიმე დღეა უკვე სიტუაცია ტელეკომპანიის შიგნით დაიძაბა. რა ხდება ტელეკომპანიაში? შესაძლოა თუ არა შიდა-არეულობა დავუკავშიროთ პოლიტიკურ პროცესებს? პოლიტოლოგების და ანალიტიკოსების აზრით, ტელეკომპანიაში ერთმანეთს ორი განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების ჯგუფი დაუპირისპირდა, დაახლოებით ისე, როგორც ეს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მოხდა.
პოლიტოლოგების აზრით, ჟურნალისტებისა და თანამშრომლების ნაწილი ცდილობს, რომ მიხეილ სააკაშვილისგან დისტანცირება მოახდინონ, ხოლო ნაწილი – ამის წინააღმდეგია.
ძმები ყარამანიშვილები კოლექტივის ნაწილის გადაბირებას ცდილობენ, რათა მათზე ზეგავლენა მოახდინონ და ნიკა გვარამიას ზეგავლენა შეასუსტონ. თუმცა, ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ნიკა გვარამიამ ძმები ყარამანიშვილების და მიხეილ სააკაშვილის დაგებულ მახეში თავი არ შეყო და მათგან დისტანცირებული თამაში წამოიწყო.
ეს დაპირისპირება საზოგადოებისთვის ღია მას შემდეგ გახდა, რაც კომპანიის მფლობელებმა ყარამანაშვილებმა თანამშრომლებს წერილით მიმართეს და 40%-იანი წილის გადაცემა შესთავაზეს. მოგვიანებით ამ ინიციატივას კომპანიის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ბრიფინგი და კატეგორიული უარი მოჰყვა.
”ჩვენი უარი ემყარება შემდეგ გარემოებებს: ამჟამად ყადაღის ქვეშ მყოფი ”რუსთავი 2”-ის წილების 40%-ის გადამოფორმება პრაქტიკულად განუხორციელებადია. ”რუსთავი 2”-ის წესდების თანახმად, წილების გამოდმოფორმებას სჭირდება ყველა მეწილის, მათ შორის 9%-იანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის თანხმობა, რაც არ არსებობს.
შესაბამისად, წარმოდგენილი შემოთავაზება სამართლებრივი თვალსაზრისით წარმოადგენს ფიქციას, რაც სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ძმებ ყარამანიშვილებს მხედველობიდან გამორჩათ.
რაც მთავარია, კომპანიის 40%-იანი წილის ფლობა, პრაქტიკულად, არ ცვლის საქმის ვითარებას, რამეთუ გადამწყვეტი ხმის უფლება ისევ რჩება ”ტელეკომპანია საქართველოს”, რომელიც კომპანიის საკონტროლო პაკეტს, 51%-იან წილს ფლობს.
შესაბამისად, შემოთავაზება, იქიდან გამომდინარე, რომ ”ტელეკომპანია საქართველოც” ძმებ ყარამანიშვილებს ეკუთვნით, შინაარსობრივი თვალსაზრისითაც ფიქტიურია, ვინაიდან კოლექტივის ტელეკომპანიის მართვაში ჩართვის ვერანაირ გარანტიას ვერ ქმნის”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ამის შემდეგ ცნობილი ხდება, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის თანამშრომლები შპს-ს დააფუძნებენ, რომლის სახელწოდება იქნება “რუსთავი 2 ჩემია”. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “რუსთავი 2”-ში შიდა თათბირი ჩატარდა, სადაც გადაწყდა, რომ ტელეკომპანიის ყველა დეპარტამენტიდან აირჩევა წარმომადგენელი აღნიშნულ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში. შიდა თათბირის კადრები ეთერშიც გავიდა, რასაც ჟურნალისტების ნაწილის პროტესტი და გვარამიას მისამართით კრიტიკული განცხადებები მოჰყვა. ტელეკომპანიის ცნობილმა სახეებნა, ნანუკა ჟორჟოლიანმა, მაია ასათიანმა და ვანო ჯავახიშვილმა ფაქტობრივად, აღნიშნულ წილზე უარი თქვეს.
ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი და ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი „მეტრონომთან“ ამბობს, რომ „რუსთავი 2“-ში მიმდინარე მოვლენები პოლიტიკური სტიგმის მოხსნის ოპერაციას ჰგავს. მისი თქმით, როგორც ნიკა გვარამია, ასევე ძმები ყარამანიშვილები ტაქტიკურ თამაშს აწარმოებენ.
ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ყარამანიშვილები მიშა სააკაშვილს ახმოვანებენ. ამიტომაც, ტელევიზიის კოლექტივისთვის, როგორც ჩანს, ეს უკვე საკმაოდ მძიმე ტვირთია და არის მცდელობა, რომ ისინი მისგან გათავისუფლდნენ. მისი აზრით, ნიკა გვარამიას მიხეილ სააკაშვილი აღარაფერში სჭირდება და მისგან დისტანცირებას ცდილობს. ხუხაშვილი ამბობს, რომ ტელეკომპანიაში დაპირისიპირება მიშა სააკაშვილსა და თანამშრომელთა გუნდს შორისაა და არა მიშისტებსა და არამიშისტებს შორის.
ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ „რუსთავი 2“-ში მიმდინარე მოვლენები ბუნებრივი და ლოგიკურია, რადაგანაც ჟურნალისტების უმრავლესობას აღმოჩნდა, რომ პოლიტიკური სტიგმისგან თავის გათავისუფლება სურს.
მისი აზრით, შესაძლოა იგივე თავად გვარამიასაც სურს, რადგანაც ის უკვე საკმოდ გამოკვეთილი ფიგურაა და ცალკე თამაშის სურვილი გაუჩნდა. მან გზიდან ზედმეტი ადამიანების მოშორება გადაწყვიტა. ამიტომაც ძმებმა ყარამანიშვილებმა, ანუ მიხეილ სააკაშვილმა ე.წ. წილების დარიგების საშუალებით, თანამშრომლების გადაბირების მცდელობა დაიწყო, რასაც თავის მხრივ, ნიკა გვარამიაც ცდილობს.
„გამოჩნდა, რომ ძმები ყარამანიშვილები და სააკაშვილი, ცდილობენ „რუსთავი 2“-ში ჟურნალისტების ნაწილი გადაიბირონ. მათ, როგორც ჩანს, ახალი კონფიგურაციის შექმნა სურთ. ნიკა გვარამია კი გამოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილისგან თავის დაღწევას ცდილობს. მისი ქცევა, რა თქმა უნდა, რომ ლოგიკურია. მის ადგილას ყველა ასე მოიქცეოდა. გვარამია ქართულ სინამდვილეში, უკვე საკამოდ ძლიერი ფიგურაა. მედიისთვის პოლიტიკური ანგაჟირების ტვირთის ტარება ძალიან რთულია. ამიტომაც, ის ცდილობს რომ ამისგან გათავისუფლდეს.
ეს ჩვეულებრივი ლოგიკური პროცესია, რომელშიც რაიმე შეთქმულების თეორიას მე პირადად ვერ ვხედავ. არ მაქვს საფუძველი იმის, რომ ამის უკან ბიძინა ივანიშვილის, ან ვინმეს ხელი დავინახო. ყველა დამალულ პრობლემას, ვფიქრობ, მაღლა ნაგვის ამოსვლა სჯობს. ეს არის ყველაზე კარგი მეთოდი.
„რუსთავი 2“-ის ირგვლივ მოვლენები როგორც არ უნდა განვითარდეს, საზოგადოებისთვის მაინც კარგია ის პროცესები, რაც ამ ტელევიზიაში დაიწყო. არა აქვს მნიშვნელობა ყარამანიშვილები და სააკაშვილი გაიმარჯვებენ,თუ გვარამია და მის გვერდით მდგომი ტელეკომპანიის ჟურნალისტები. მთავარია რომ პროცესი დაიწყო და მისი შედეგი რაც არ უნდა იყოს, ეს ქვეყნისთვის, დამერწმუნეთ, ძალიან კარგი იქნება“ – ამბობს „მეტრონომთან“ ხუხაშვილი.
მისი თქმით, ძმები ყარამანიშვილების ტაქტიკური მონახაზი და ხაფანგი, რომელშიც ისინი გვარამიას გაბმას ცდილობდნენ, ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა და მისმა ჯგუფმა გაშიფრა. ამიტომაც, გვარამიამ, თავის მხრივ, მოქმედება დაიწყო. ხუხაშვილი ტელევიზიიდან ჟურნალისტების ნაწილის წასვლასაც არ გამორიცხავს, თუმცა ფიქრობს რომ გვარამია საკმაოდ ფრთხილი მოთამაშეა და ეს მის გადაწყვეტილებაშიც კარგად გამოჩნდა.
„ყარამანიშვილები კარგად ხვდებიან, რომ გვარამია ტელეკომპანიის თანამშრომლებს აკონტროლებს. ამიტომაც დაიწყეს ის თამაში, რაც თანამშრომლების ნაწილის გადაბირება ჰქვია. მათ იმედი აქვთ, რომ გუნდის გარკვეულ ნაწილს თავის მხარეს გადაიყვანენ და ახალ ინტრიგას შექმნიან.
დღეს ტელეკომპანიის გუნდი ძალიან კარგად არის შეკრული და იმისთვის, რომ მათ რაღაც მაინც გადაარჩინონ გარკვეული პროცესი სჭირდებათ, რომლის განმავლობაში შეძლებენ კოლექტივის გახლეჩას და გარკვეული ნაწილის მიმხრობას. თუ მათ ეს გამოუვათ, ამ შემთხვევაში, ე.წ. გვარამიას ჯგუფი დარჩება ისევ უმცირესობაში და ფაქტობრივად, ყარამანიშვილები პირდაპირ, ან ირიბად შეინარჩუნებენ ტელევიზიაში კონტროლს.
აქ საინტერესოა არა ის, რაც ფინალში მოხდება, არამედ თვითონ პროცესი და ჩვენ ამას ვუყურებთ კიდეც. ეს არის მათი ტაქტიკური მონახაზი, რომელიც, როგორც ჩანს, გვარამიას მხარემ გაშიფრა და ისინი ამ დაგებულ ხაფანგში თავის გაყოფას არ აპირებენ. ამ პროცესს ვაკვირდებით დღეს”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.
ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, „რუსთავი 2“-ში თუ პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის გამო კოლექტივში რაიმე სახის დაპირისპირებაა, ეს მაინც შიდადაპირისპირებას ჰგავს. მისი აზრით, თუ ამ დაპირისპირების ტრანსფორმაცია ისეთ პროცესებში გადაიზრდება, რომ ტელეკომპანიის მუშაობის პარალიზებას გამოიწვევს, მაშინ შეიძლება უკვე სერიოზულად საუბარი და ამ ძვრების მიზეზების თუნდაც დადგენა. ანჯაფარიძის აზრით, ეს ინფორმაცია ჯერჯერობით ნედლია და დადასტურებას საჭიროებს.
ანალიტიკოსის განცხადებით, ლოგიკას მოკლებულია, რა მოტივაცია უნდა ჰქონდეს ნიკა გვარამის, რომ მას მიხეილ სააკაშვილისგან გათავისუფლება და დისტანცირება სურდეს. მისი თქმით, მაშინ ჩნდება კითხვები, ვისგან და საიდან მოიძიებს ის ტელეკომპანიისთვის ფინანსებს.
ანჯაფარიძის აზრით, უკვე გამოჩნდა, რომ ტელევიზია მთლად ყარამანიშვილების არ არის. მისი აზრით, წარმოუდგენელია და ლოგიკას მოკლებულია, როდესაც რამდენიმე ათეულ მილიონად შეფასებული ტელევიზიის საკონტროლო წილი უსასყიდლოდ მის თანამშრომლებს გადასცე, არც ბიზნესის და არც ალტრუისტული გამოხტომის ჩარჩოებში არ ჯდება. ამიტომაც ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ბევრი საკითხია გასარკვევი, რათა რეალობასთან მიახლოვვებული ანალიზი გაკეთდეს.
„არ მჯერა იმის, რომ ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილის გავლენისგან თავის გათავისუფლებას ცდილობს. თუმცა, ისმის კითხვა, თუ ეს მართლა ასეა, მაშინ ის ვის სასარგებლოდ ცდილობს მისგან გათავისუფლებას? „ნაციონალური მოძრაობიდან“ გამოყოფილი მეორე ჯგუფისთვის ხომ არა?! ჯერჯერობით, მხოლოდ ამის თქმა შემიძლია იმ მწირი ინფორმაციისგან გამომდინარე რაც ამ ეტაპზე ტელევიზიიდან ინფორმაციის სახით გამოდის.
არ არის გამორიცხული, რომ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტების ნაწილმა ტელეკომპანია დატოვოს. ტელევიზიის კოლექტივი არაერთგვაროვანია, იქაც არიან სხვადასხვა შეხედულების მქონე ადამიანები. როგორც ჩანს ვიღაცისთვის ასეთ სიტუაციაში და პირობებში მუშაობა კომფორტულია, ვიღაცისთვის შეიძლება არ არის.
მეორე შემთხვევაში, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სტრასბურგის სასამართლოს, „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით ჯერ თავისი გადაწყვეტიელბა არ გამოუტანია, ამასაც ხომ მნიშვნელობა აქვს, ტელეკომპანიას საბოლოოდ ვის მიაკუთვნებს. არც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება არავის არ გაუუქმებია.
ის უბრალოდ შეჩერებულია. ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს, რაც ტელეკომპანიაზე და იქ მომუშავე ადამიანებზე ზეგავლენას ახდენს. არ არის გამორცხული, რომ გარკვეული შიდა კონფლიქტები მოჰყვეს. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და გვარამიას ქმედებას, ვფიქრობ დიდ წილად ტელეკომპანიაში მიმდინარე მოვლენები მაინც კოლექტივის გადაწყვეტილებებზე იქნება დამოკიდებული“, – ამბობს ზაალ ანჯაფარიძე.
ასეა თუ ისე, გარედან მოვლენები სულ სხვაგვარად ჩანს. ის რაც „რუსთავი 2“-ში კარგა ხნის განმავლობაში ხდებოდა და დღესაც გრძელდება, თითქოს კარგად დაგეგმილ, წინასწარ შემუშავებულ სცენარს ჰგავს. ფაქტია, რომ ის, ვინც ეს პროცესები დაგეგმა და გათვალა, სერიოზული მენეჯერი და მოწინააღმდეგეა, ამიტომ ამ პოლიტიკურ ფრონტზე მედიისთვის ბრძოლაში ყარამანაშვილების შეთავაზება, თანამშრომლებში წილების გადანაწილებასთან დაკავშირებით, უფრო ციხის შიგნიდან გატეხვის მცდელობას ჰგავს, რადგან ძლიერი გუნდის დაქსაქსვით და დანაწევრებით, ზუსტად იმ პოლიტიკურ ველზე მედიისთვის ბრძოლაში, უფრო იოლი გახდება მიზნის მიღწევა და ზემოხსენებული მენეჯერისთვის სათანადო წინააღმდეგობის გაწევა.