დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ფონიჭალაში მომხდარი საზარელი მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. ზემო ფონიჭალაში ნონა რომანიძისა და მისი მცირეწლოვანი შვილის, მარიამ მამფორიას სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული 1989 წელს დაბადებული გიორგი ხაბელაშვილია. მისი გადაწყვეტილებით, აღნიშნულ საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ.
სხდომას, რომელსაც სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლე ეკა არეშიძე უძღვებოდა, ბრალდებულმა თქვა, რომ ის მის მიმართ წაყენებულ არც ერთ ბრალში თავს დამნაშავედ არ ცნობს.
მას ბრალად ედება განზრახ მკვლელობა, სხვა დანაშაულის დაფარვის და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფისა, ორი პირის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით და არაერთგზის; მასვე ბრალად ედება ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი დიდი ოდენობით და იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის; ასევე, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ცეცხლის წაკიდებით.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ შესავალი სიტყვების წარმოდგენის შემდეგ, დაიწყო მტკიცებულებათა გამოკვლევა და დაიკითხა ბრალდების ორი მოწმე – გარდაცვლილი ნონა რომანაძის და და ნათესავი.
ბრალდების მხარემ შესავალ სიტყვაში აღნიშნა, რომ 2016 წლის 22 თებერვალს, ზემო ფონიჭალაში, მაშინ როდესაც სახლში მხოლოდ გარდაცვლილი დედა-შვილი იმყოფებოდა, მიდის ბრალდებული გიორგი ხაბელაშვილი და ქალს კომპიუტერით სარგებლობას სთხოვს. შემდეგ კი იღებს ვაზას და გამეტებით ურტყამს.
“შემდეგ დანას, ცივსისხლიანად 27-ჯერ ურტყამს ნონა რომანაძეს. ბრალდებული, დედის სისხლით დასვრილ დანას, ურტყამს 14-ჯერ პატარა გოგონას. მას გეგმის ნაწილი შესრულებული აქვს. მოწმეები აღარ ჰყავს. ბრალდებული იწყებს ფულის და ძვირფასეულობის ძებნას. ჩქარობს, ვინაიდან შეიძლება სახლში ოჯახის წევრები დაბრუნდნენ. ის მხოლოდ ოქროს ნივთებს პოულობს და იწყებს დანაშაულის კვალის წაშლას. ასხამს ბენზინს სახლს, დანას ავლებს წყალს და ნაჩქარევად ტოვებს შემთხვევის ადგილს”- განაცხადა სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ზაზა დათუკიშვილმა.
მისი თქმით, ბრალდებული ბავშვობაში იმ კორპუსში ცხოვრობდა, სადაც გარდაცვლილი ქალის მეუღლე, ოთარ მამფორია ცხოვრობს და მას კარგად იცნობს, თუმცა ახლო ურთიერთობა მის ძმასთან ჰქონდა. პროკურორის თქმით, ბრალდებულმა გიორგი ხაბელაშვილმა თანამზრახველებთან ერთად მამაკაცი დააყაჩაღა და მას 54 ლარი გასტაცა. მისი თქმით, ხაბელაშვილმა ამის შემდევ კიდევ ერთი ტაქსის მძღოლი ასევე ჯგუფურად დააყაჩაღა, იარაღის მუქარით და მას მხოლოდ 5 ლარი და მობილური ტელეფონი გასტაცა.
“ბრალდებულმა მძღოლი მანქანიდან გადაიყვანა და თავის არეში ჭრილობა მიაყენა. ჩადენილი ქმედებებისთვის მას 15-წლიანი პატიმრობა განესაზღვრა. 2014 წელს ის ვადაზე ადრე გათავისუფლდა. ციხიდან გამოსული ის კვლავ დაუკავშირდა მამფორიას. ამის შემდეგ ისინი ერთად დადიოდნენ კაზინოში და თამაშობდნენ აზარტულ თამაშებს”- აღნიშნა პროკურორმა.
მისი თქმით, ბრალდებული ასევე იცნობდა გარდაცვლილი ქალის ქმრის ნათესავებს, ჩაჩუებს, რომლების წყალობითაც გაიგო, რომ დაზარალებული ოთარ მამფორია სახლში ფულს ინახავდა.
“ის მეგობარს დაუკავშირდა და ოჯახის გაძარცვის განზრახვით მიმართა. მან უარი განუცხადა თანამზრახველობაზე. თუმცა მას იმდენად მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი აღნიშნული, რომ თვითონ დაიწყო მისი შესრულება. მკვლელობამდე 20 დღით ადრე, ის დამოუკიდებლად სტუმრობს ოჯახს, თითქოს დაბადების დღის მისალოცად, სინამდვილეში კი ოჯახის წევრების შესახებ დამატებითი ინფორმაციის გასაგებად. სწორედ ამ დღიდან ბრალდებული ატრიალებს სისხლიან ტრაგედიას. არაადამიანურად, უმოწყალოდ ხოცავს დედა-შვილს”- განაცხადა პროკურორმა.
როგორც მან სხომაზე განაცხადა, დაიკითხნენ ის პირებიც, რომლებმაც მისი თქმით, გაუცნობიერებლად მიაწოდეს ინფორმაცია ბრალდებულს იმის შესახებ, თუ სად ინახავდა ოთარ მამფორია ფულს.
“ამ საქმეში არის ერთი დეტალი, რომელიც უფრო სასტიკს ხდის დანაშაულს, – მკვლელობის შემდეგ, მან ბენზინი გადაასხა 3 წლის მარიამს. დეენემი არის საქმეში, რომელიც დანაზეა. ბრალდებულმა მკვლელობიდან მეორე-მესამე დღეს მოპარული ნივთები ლომბარდში ჩააბარა”- აღნისნა პროკურორმა.
დაცვის მხარემ, ბრალდებულის ადვოკატმა თამაზ კვახაძემ ყურადღება დანაშაულის მოტივზე გაამახვილა. მისი თქმით, ჩადენილია უსასტიკესი დანაშაული, 3 წლის ბავშვს 14 ჭრილობა აქვს მიყენებული, ხოლო დედას კი – 27.
“ისმის კითხვა, თუ რა ამოძრავებდა მას, ვინც ეს უსასტიკესი დანაშაული ჩაიდინა. როგორც წესი, აღნიშნულ დანაშაულს სჩადის მანიაკი, შეურაცხადი ანუ გიჟი ან პირი, რომელიც შურისძიებით არის გამსჭვალული. მას სურს, რომ ეს ოჯახი გაანადგუროს. უამრავი კითხვის ნიშანი არსებობს, ბრალდების მხარე ძალზეც ხისტად აყალიბებს ყველაფერს. მათ მხატვრულად დახატეს, მაგრამ ამ საქმეში არის დეტალები. როდესაც მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე დავდგებით, დაინახავთ ბევრ საეჭვო დეტალს. მინდა მივაქციო ყურადღება ერთ საეჭვო გარემოებას, ბრალდებული დაკავებულია 25 ივლისს, თუმცა მითითებულია, რომ ის დაკავებულია 26 ივლისს. ამის შემდეგ გავრცელდა მედიით ინფორმაცია, რომ ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. როდესაც ის შეხვდა თავდაპირველად, მისთვის დანიშნულ სახაზინო ადვოკატს, ბრალდებულმა მას მოსთხოვდა პროკურორის აცილების საკითხი. ამ სამი პროკურორის პროცესუალური ზედამხედველი იყო გოჩა ქვარაია. ამის შემდეგ მოსამართლე ვალდებული იყო, რომ ამ საქმეზე გამოძიება დაწყებულიყო. ის დღემდე მიმდინარეობს. მე კი იმის ილუზია არ გამაჩნია, რომ შედეგად რამე იქნება”- მიმართა ნაფიც მსაჯულებს ადვოკატმა.
მან ყურადღება გაამახვილა იმ საკითხზეც, რომ მედიით ხშირად ინფორმაცია სამართალდამცველების მხირდან მოქალაქეების მიმართ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზეც ვრცელდება. მისი თქმით, არავინ დასჯილა და ახლაც, როგორც ადვოკატი ამბობს, ბრალდებულზე მიმდინარეობდა ზეწოლა, წამება იმის გამო, რომ მას დანაშაული ეღიარებინა.
“მე უდანაშაულო ადამიანს ვიცავ. მისი კანდიდატურა შერჩეულია იმ კუთხით, რომ წარსულში ნასამართლევია. ოქროს ნივთებს რაც შეეხება, პირი, რომელიც ასეთი სისასტიკით ახდენს დანაშაულის ჩადენას, მეორე დღეს თავისი პირადობით მიდის ლომბარდში და აბარებს მათ? ისმის კითხვა, ეს ადამიანი ხომ არ არის დილეტანტი? მას გათვლილი უნდა ჰქონდეს ყველა დეტალი, ის წარსულში ნასამართლევია. დაზარალებულზე, ოთარ მამფორიაზე ხორციელდებოდა უდიდესი ზეწოლა, ასევე მოწმეებზე ხორციელდებოდა ზეწოლა”- განაცხადა სხდომაზე ადვოკატმა თამაზ კვახაძემ.
მხარეების შესავალი სიტყვების შემდეგ კომენტარი თავად ბრალდებულმა გიორგი ხაბელაშვილმაც გააკეთა. მან აღნიშნა, რომ მასზე ნამდვილად ხორციელდებოდა უდიდესი ზეწოლა, რამაც აიძულა, რომ პირველ ეტაპზე მას აღიარებითი ჩვენება მიეცა.
“ერთი რამ მაქვს სათქმელი, – როცა ამბობენ, რომ ზეწოლა არ ყოფილაო, ჩვენება მაქვს მიცემული, ეს შეცდომა დავუშვი. ესე გამოდის, რომ არაადამიანი და ეშმაკისეული ვარ, 3 წლის ბავშვს დანა ჩავარტყი 14-ჯერ და მერე ცეცხლი წავუკიდე? როცა მინისტრის მოადგილე ჩასისხლიანებული თვალებით, გადატენილ იარაღს დაგადებს, ამას კი არა, ჰიტლერის მკვლელობას აღიარებ”- განაცხადა ბრალდებულმა გიორგი ხაბელაშვილმა სხდომაზე.
ადვოკატმა აღნიშნა, რომ ბრალდებულზე ცელოფანით ხორციელდებოდა წამება.
მომდევნო სასამართლო განხილვა ხვალ, 28 მარტს, 11 საათზე ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, საქმის მასალების თანახმად, 2016 წლის 22 თებერვალს, ბრალდებული 7000 აშშ დოლარის ფულადი თანხისა და ოქროს ნივთების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მიზნით, მივიდა თავისი ნაცნობის ოჯახში, სადაც მოკვლის განზრახვით, ნონა რ.-ს თავში დაარტყა სკამი, რის შემდეგაც მსხვერპლისთვის ტანჯვის მიყენების მიზნით, დანით სხეულის სხვადასხვა ადგილას მრავლობითი ჭრილობა მიაყენა დედას და მის მცირეწლოვან შვილს, რომლებიც მიღებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ. ბრალდებული დაეუფლა ოჯახში არსებული ოქროს ნივთების ნაწილს, ღირებულს 5000 ლარად, ხოლო ოქროს ნივთების სხვა ნაწილს და ფულად თანხას ვერ მიაგნო. კვალის დაფარვის მიზნით, ნავთობპროდუქტების გამოყენებით, ცეცხლი წაუკიდა საცხოვრებელ ბინას, თავად კი მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.
ნინო ცხადაია