თბილისის საქალაქო სასამართლო საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტის, ფადი ასლის განცხადებას ეხმაურება:
„სასამართლო ხელისუფლება მკაცრად გმობს და დაუშვებლად მიიჩნევს მოსამართლის მიმართ გამოთქმულ ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების გავრცელებას.
საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარის ფადი ასლის მხრიდან მოსამართლის კორუფციაში დადანაშაულება, ცილისწამებაა, არ გააჩნია კონკრეტული გონივრული დასაბუთება და მიზნად ისახავს მოსამართლის დისკრედიტაციას. იმ შემთხვევაში, თუ განცხადების ავტორს გააჩნია მოსამართლის მხრიდან კორუფციული ქმედების დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტი, იგი არამხოლოდ უფლებამოსილია, არამედ ვალდებულიცაა მიმართოს შესაბამის უწყებებს.
კერძო სუბიექტებს შორის წარმართულ დავაში ცალსახად იკვეთება საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარის არაჯანსაღი მიკერძოებულობა პროცესში მონაწილე ერთ-ერთი მხარის მიმართ. რაც სავარაუდოდ მიანიშნებს საქმის შედეგის მიმართ ფადი ასლის კონკრეტულ ინტერესებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო მოუწოდებს ფადი ასლის დარჩეს სამართლებრივ სივრცეში და ნაცვლად დეზინფორმაციული ხასიათის განცხადებებისა, დაელოდოს ამავე საქმეებზე ზემდგომი ინსტანციის გადაწყვეტილებებს. ასევე, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ამ უკანასკნელმა თავი შეიკავოს მსგავსი განცხადებებისგან, რათა თავიდან იქნას აცილებული კანონსაწინააღმდეგო ქმედება“- ნათქვამია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა ფადი ასლიმ TV პირველის ეთერში სასამართლო სისტემის შესახებ ისაუბრა. მან საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე კორუფციაში დაადანაშაულა. უფრო მეტიც, ის მოსამართლეს სასამართლოში უჩივის და მის გადაყენებას მოითხოვს.