რუსეთის უზენაესმა სასამართლომ იეჰოვას მოწმეების რელიგიურ გაერთიანებას საქმიანობა აუკრძალა. აღნიშნული დისკრიმინაციული გადაწყვეტილების მიზეზად დასახელდა იეჰოვას მოწმეების “ექსტრემისტული საქმიანობა”.
რუსეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ იეჰოვას მოწმეები რელიგიური საქმიანობით არღვევენ ქვეყნის ანტიექსტრემისტულ კანონმდებლობას. აღნიშნული რელიგიური გაერთიანების ლიკვიდაცია 5 აპრილს ოფიციალურად დასრულდება.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, იეჰოვას მოწმეებს ქვეყნის არაერთ რეგიონში უზღუდავდნენ რელიგიურ საქმიანობას, ისინი არაერთხელ გამხდარან რადიკალური მართლმადიდებელი სასულიერო პირებისა და მრევლის მხრიდან თავდასხმის ობიექტი.
„ჩვენ ვცდილობთ ავუხსნათ ადამიანებს, რომ არავითარი კავშირი არ გვაქვს ექსტრემისტებთან. ჩვენ კეთილსინდისიერი მოქალაქეები ვართ, რომლებიც ვიხდით გადასახადებს და ვიცავთ კანონს“, – განაცხადა „რუსეთში იეჰოვის მოწმეების“ ხელმძღვანელმა იაროსლავ სივულსკიმ.
„იეჰოვას მოწმეების“ ორგანიზაცია 1931 წელს აშშ-ში „ბიბლიის მკვლევარების“ განხეთქილების შედეგად წარმოიქმნა. 2012 წლის მონაცემებით რუსეთში ორგანიზაციას 168 683 წევრი ჰყავს.