ახალი ამბები მთავარი სამართალი

“აუდიტორია 115-ის” წევრების მიმართ გამოძიება ხულიგნობის მუხლით მიმდინარეობს

„საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოიეში ჩატარებულ აქცია-პერფორმანსთან დაკავშირებით, მოძრაობა “აუდიტორია 115”-ის წევრი, თსუ-ის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი, გიორგი სოფრომაძე, თბილისის პოლიციის სამმართველოშია დაბარებული. გასაუბრება 24 მარტს 12 საათზე შედგება”- ამის შესახებ ინფორმაციას სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115“ ავრცელებს.

“აუდიტორია 115” წარმოადგენს სოციალურ მოძრაობას, რომელიც ერთობლივი ქმედებების დროს კოლექტიური პასუხისმგებლობის პრინციპით ხელმძღვანელობს. საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გამოსვლის მოვალეობა გიორგის მოძრაობის საერთო კრებამ დააკისრა. “მოამბის” ეთერში მანიფესტის წაკითხვა სოფრომაძის ერთპიროვნული და ინდივიდუალური გადაწყვეტილება არ ყოფილა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოიეში ჩატარებული აქცია-პერფორმანსის შედეგად არ დაზიანებულა ტელევიზიის ინფრასტრუქტურა, საფრთხე არ შექმნია დაწესებულების არცერთ თანამშრომელს. მოძრაობის წევრებს ხელი არ შეუშლიათ საეთერო სტუდიების მუშაობისათვის. ჩვენ მხოლოდ საშვების გარეშე შევედით ჩვენი კუთვნილი მაუწყებლის მთავარ დერეფანში, საიდანაც შეუძლებელი გახლდათ რომელიმე გადაცემის ჩაშლა ან მისი მიმდინარეობის შეფერხება.

ერთადერთი შედეგი, რაც ჩვენს ქმედებას მოჰყვა, გახლდათ ის, რომ განადგურებისთვის განწირული გადაცემები სეზონის ბოლომდე აგრძელებენ მუშაობას. ჩვენ და ჩვენმა პარტნიორებმა ჩვენი სხვადასხვა სახის მოქმედებით დროებით შევუნარჩუნეთ სამუშაო ადგილი ათასზე მეტ მოქალაქეს. “აუდიტორია 115” მზად არის გააგრძელოს სოციალურ უსამართლობაში მცხოვრები ადამიანების ინტერესების დაცვა. პოლიციის ზეწოლით, დაშინების მცდელობებით საქართველოს საკონსტიტუციო სტანდარტების რეალიზებისთვის ბრძოლა არ შეჩერდება, პირიქით, ჩვენი შრომა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება.

საზოგადოებას სიფხიზლისკენ მოვუწოდებთ, რადგან შეიძლება მალე ჩვენი წევრებისათვის მძლავრი სოლიდარობის გამოცხადება აუცილებელი გახდეს.

P.S. ვულოცავთ ქ-ნ ია ანთაძეს პოლიციის აღნიშნულ გადაწყვეტილებას“- ნათქვამია „აუდიტორია 115“-ის განცხადებაში.

შსს-ში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება, „აუდიტორია 115“-ის წევრების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ხულიგნობას გულისხმობს.

საქმე ეხება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წინ გამართულ აქციას, რა დროსაც, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა,  შენობაში შესვლა მოახერხეს და მოთხოვნის შედეგად, მაუწყებლის პირდაპირ ეთერში ჩაერთვნენ.

რას გულისხმობს ხულიგნობის მუხლი:

ხულიგნობა, გულისხმობს ქმედებას, “რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ბ) ხელისუფლების წარმომადგენლის ან ხულიგნობის აღმკვეთი სხვა პირის მიმართ; გ) ხულიგნობისათვის მსჯავრდებულის მიერ, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

იტვირთბა....