რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს კომიტეტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ყოფილ საბჭოთა კავშირში დაბადებულ ადამიანებს, რომლებმაც რუსული ენა იციან, რუსეთის მოქალაქეობის მიღება გაუადვილდებათ.
საქმე ეხება სსრკ-ს ყოფილ მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთში 2002 წლის 1 ნოემბრამდე ჩავიდნენ და მათ და მათ შვილებს, არ გააჩნიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის სტატუსი.
კანონპროექტის თანახმად, არამხოლოდ ყოფილ სსრკ-ში დაბადებული ადამიანები, არამედ მათი შთამომავლებიც,რომლებსაც ძველ სსრკ-ში მცხოვრებ ადამიანთან ნათესაური კავშირი აქვს, რუსულ პასპორტებს გამარტივებული წესით მიიღებენ.
კანონპროექტი რუსეთის სათათბიროს დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინ ზატულინმა წარადგინა. მისი ერთ-ერთი ავტორი ნატალია პოკლონსკაიაა.
დოკუმენტი “რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის შესახებ” და “უცხოელ მოქალაქეთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ” კანონებში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ საკითხს ვლადიმერ პუტინიც იწონებს.