როგორც გაირკვა, კოლონას, რომლის ფოტო-ვიდეომასალაც “ნაციონალურმა მოძრაობამ” წარმოადგინა, თოვლმავლები გადაჰყავდა. ამის შესახებ რუსულ კომპანია “მაგნაპაკში” აცხადებენ. სწორედ ამ კომპანიამ შეფუთა ტექნიკა საქართველოში მის გამოგზავნამდე. შესაბამისი ფოტომასალა “მაგნაპაკის” ინსტაგრამსა და ოფიციალურ ვებგვერდზე ერთი კვირის წინ, 14 მარტს გამოქვეყნდა.
“ნაციონალური მოძრაობის” მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, თითქოს, საქართველოს ტერიტორიის გავლით რუსული სამხედრო ტექნიკა გადაადგილდებოდა, ინსტაგრამის ერთ-ერთი მომხმარებელი დაინტერესდა. კითხვაზე, თუ რა არის დაფიქსირებული ფოტოზე, კომპანიის წარმომადგენელმა უპასუხა, რომ ეს სპეციალური ტექნიკაა, რომელსაც თოვლსა და დაჭაობებულ ტერიტორიაზე იყენებენ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნუგზარ წიკლაურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში რუსული სანომრე ნიშნის მქონე სატვირთო ავტომობილები გადაადგილდებოდნენ, რომლებსაც, სავარაუდოდ, სომხეთის მიმართულებით სამხედრო ტექნიკა გადაჰყავდათ.
ფაქტს თავდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს არასამხედრო სამოქალაქო დანიშნულების ტექნიკა იყო. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის ინფორმაციით კი, ეს იყო სამაშველო ტექნიკა, რომელიც სამაშველო საქმიანობისთვის გამოიყენება.