სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში გამოვლენილი დარღვევების თაობაზე ინფორმაციას აქვეყნებს. მაკონტროლებელმა ორგანომ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 აპრილამდე პერიოდი შეამოწმა.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ ვეტერანების დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღებისას არათანაბარი მიდგომებია. გადამისამართებულია ისეთი დაავადების მქონე ვეტერანების და მათი ოჯახის წევრების განცხადებები, როგორიცაა ონკოლოგიური, გულის მწვავე დაავადებები, მედიკამენტებით უზრუნველყოფა, ქიმიოთერაპია, პნევმონია.
ეს მაშინ, როდესაც დაფინანსებულია ისეთი მომსახურება, როგორიცაა: სტომატოლოგიური,გინეკოლოგიური, საზღვარგარეთ ძვირადღირებული მკურნალობის ხარჯები.
აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, რიგ შემთხვევებში, დაფინანსებულია ისეთი ბენეფიციარების მკურნალობის ხარჯები, რომლებზეც არ დასტურდება, რომ მიეკუთვნებოდნენ მატერიალურად გაჭირვებულთა კატეგორიას.
ზოგიერთ შემთხვევაში, დაფინანსებულია დაახლოებით ერთი წლის სამყოფი მედიკამენტები, ისე რომ არ არის ფორმა N100-ში მითითებული წამლის მიღების ხანგრძლივობა. არის შემთხვევები, როდესაც დაფინანსებულია ერთი და იგივე მოქმედების პრეპარატი ისეთი ოდენობით, რაც საკმარისი იქნებოდა ერთი ადამიანისთვის 10 წლის განმავლობაში.
ვეტერანთა სამსახურის ბიუჯეტიდან კლინიკა „ლანცეტისთვის“ ანაზღაურებულია ისეთი სახის ამბულატორიული და გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებების ღირებულებები, რომელსაც სრულად (100%) ანაზღაურებდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა.
გარდა ამისა, შშმ რეაბილიტაციის ცენტრისთვის ანაზღაურებულია 37 ბენეფიციარზე 42 პროთეზის დამზადებისთვის 425.7 ათასი ლარი. იგივე მოცულობის საპროთეზო მომსახურების გაწევა ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის მეშვეობით შეადგენდა 323.0 ათასი ლარით ნაკლებს;
დასკვნაში წერია, ისიც რომ ადმინისტრაციული შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას საავანსო თანხის გადარიცხვა „კონვენტ ჯორჯიასთვის“ განხორციელებულია გარანტიის გამცემი ბანკის სანდოობის შესწავლის გარეშე. შედეგად, გარანტორი ბანკის მიერ ანაზღაურებული არ არის საავანსოდ გადარიცხული თანხიდან შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულება 363.3 ათასი ლარი.