ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

ისინი, ვისაც 900 ლარზე დაბალი ხელფასი აქვთ, შეღავათებით ისარგებლებენ

ყოველთვიურად 900 ლარზე ნაკლები და არარეგულარული შემოსავლის მქონე მოქალაქეებს გარდამავალი ეტაპის შეღავათები მიეცემათ.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებისთვის დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდება. დეტალების შესახებ საქარველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ბრიფინგზე ისაუბრა.
“ამ კატეგორიაში კერძო დაზღვევის მქონე ადამიანების რაოდენობა ძალიან დაბალი იყო. ამ ადამიანებს არ აქვთ ჩამოყალიბებული კერძო სადაზღვევო ინდუსტრიასთან ურთიერთობის უნარ-ჩვევები. მათთვის შეიძლება დამაფრთხობელი იყოს, რომ რაღაც უმცირდებათ. გვექნება გარდამავალი ეტაპი, როდესაც მათ აქტიურად დავეხმარებით, რომ სწორი პაკეტი მოიძიონ. ნებისმიერ შემთხვევაში – ისინი დარჩებიან საყოველთაო ჯანდაცვის შემცირებული პაკეტის მონაწილეები, თუ გადავლენ კერძო დაზღვევაში, მათ უნარჩუნდებათ ზედნაშენი პაკეტის გარკვეული ნაირსახეობის პრივილეგია. თუკი ისინი გადაწყვეტენ, რომ დამატებითი პაკეტი და მხოლოდ გეგმური სერვისები შეიძინონ, წინასწარი გათვლებით, მათ ეს დაუჯდებათ 10-დან მაქსიმუმ 15 ლარი თვეში, ანუ საკმაოდ მცირე თანხა”, – განმარტა დავით სერგეენკომ.

მინისტრმა კომენტარი გააკეთა იმ კატეგორიაზეც, რომლებცას დაბალი სარეიტინგო ქულები აქვთ და რომლებიც სოციალურად დაუცველთა კატეგორიაში ვერ მოხვდენენ, ანუ 70 000-დან 100 000-მდე ქულა აქვთ.

“მათ უცვლელად შეუნარჩუნდებათ ის პაკეტი, რასაც საყოველთაო ჯანდაცვა სთავაზობთ. პლუს დაემატება პრივილეგია, თუკი ვინმე შეუძენს დაშენებულ პაკეტს, შეუძლიათ ორივე პაკეტით სარგებლობა. ძალიან მაღალი ალბათობით, მათზეც გავრცელდება ქრონიკული დაავადებების სამართავად საჭირო მედიკამენტების მიღების პრივილეგია”, – განაცხადა სერგეენკომ.

რას ნიშნავს მცნება -”ზედნაშენი”? – მინისტრმა სერგეენკომ განმარტება ამაზეც გააკეთა. მისი თქმით, თუკი მოქალაქეს რაღაც სერვისებს უფინანსებს სახელმწიფო, მათ შეუძლიათ შეიძინონ ისეთი პაკეტი, რასაც არ დააფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, ანუ თუ მათ საყოველთაო უფინანსებს 70%-ს, მათ შეუძლიათ იყიდონ პაკეტი, რომელიც დანარჩენ 30 %-ს დააფინანსებს.

იტვირთბა....