ბათუმში 11-12 მარტს განვითარებულ მოვლენებს დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე. მისი თქმით, მომხდარში იკვეთება თუ არა სისხლის სამართლის დანაშაული, ეს უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამბობს, რომ გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს.
” ბათუმის მოვლენები იყო მართული, რომლის უკანაც პოლიტიკური ძალები დგანან,”-განაცხადა ზურაბ პატარაძემ. კითხვაზე, ხომ არ დატოვებს თანამდებობას აჭარის პოლიციის სამმართველის ახალი უფროსი კახა ბუხრაძე, პატარაძე ამბობს, რომ ამის შესახებ გადაწყვეტილება გამოძიების დასრულების შემდეგ იქნება მიღებული. აჭარის მთავრობის მეთაურს არ სჯერა, რომ პოლიციის მხრიდან მოქალაქეების შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი.
ზურაბ პატარაძე ბათუმში თურქეთის პრემიერმინისტრის ვიზიტსაც გამოეხმაურა და განაცხადა,რომ ბინალი ილდირიმთან საქართველოს პრემიერის შეხვედრის დროს ბათუმის მოვლენები არ განხილულა.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში ვითარება 11 მარტს საღამოს ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტისას დაიძაბა. პოლიციამ 2 მოქალაქე მას შემდეგ დააკავა, რაც პატრულის თანამშრომელმა ერთ-ერთი მათგანი დააჯარიმა, რასაც იქ მყოფ მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.
მოგვიანებით, პოლიციამ გოგებაშვილის ქუჩაზე მიმდინარე აქციაზე კიდევ 4 პირი დააკავა. მოგვიანებით აქცია აჭარის შს სამმართველოსთან გადაინაცვლა, სადაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.
აქციის მონაწილეები პოლიციის ეზოში შეჭრას ცდილობდნენ, რის შემდეგაც სპეცდანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.