თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ჰოლანდიაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგების კომენტირებისას განაცხადა, რომ ევროპა მალე წმინდა ომების ადგილი იქნება. აღნიშნულის შესახებ თურქული გამოცემა Hurriyet იუწყება.
“ჰოლანდიაში უამრავი პარტიაა, მაგრამ სოციალ-დემოკრატების და ფაშისტი ვილდერსის მსოფლმხედველობა ერთმანეთს ემთხვევა. მათ ერთი და იგივე მენტალიტეტი აქვთ. სად მიჰყავთ ამ პოლიტიკოსებს ევროპა? ამ პოლიტიკოსებმა ევროპის დაშლა დაიწყეს. ისინი ევროპას უფსკრულისკენ მიათრევენ”, – აღნიშნა მევლუთ ჩავუშოღლუმ.
მისივე თქმით, შორს არ არის ის დღე, როდესაც ევროპაში წმინდა ომები დაიწყება. მინისტრის განცხადებით, ყველაფერი ამისკენ მიდის. მისი აზრით, ევროპელებს სულ ცოტათი მაინც ნამუსი რომ ჰქონდეთ, ერთმანეთს თვალებში ვერ ჩახედავდნენ.