ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„რუსთავის აზოტიდან“ გათავისუფლებულმა 57-მა მუშამ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

დღეს, „რუსთავის აზოტიდან“ გათავისუფლებული 330 თანამშრომლიდან, 57-მა რუსთავის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. გათავისუფლებული მუშები სამსახურში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებას მოითხოვენ.

როგორც „მეტრონომს“ აზოტის პროფკავშირების თავმჯდომარე გელა ბიჭიაშვილმა განუცხადა, მუშების ინეტრესებს სასამართლოში ადვოკატები რაისა ლიპარტელიანი და თამარ სურმავა დაიცავენ.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ შეიკავეს თავი დანარჩენმა გათავისუფლებულმა მუშამ სასამართლოში ჩივილისგან თავი, გელა ბიჭიაშვილმა განაცხადა, რომ კომპენსაციებს, რომლებიც აზოტის ხელმძღვანელობამ მათ შესთავაზა, ზოგიერთი მუშა დათანხმდა.

„საქმე იმაშია, რომ კომპენსაციები, რომლების შემოთავაზებაც გაკეთდა, ზოგიერთი დათანხმდა. ზოგიერთი კომპენსაციასაც არ დათანხმდა, ისე წავიდა, იმიტომ, რომ ამათ შორის იყო ის ჯგუფებიც, რომლებიც დროებით იყვნენ მიღებული სამთვიანი გამოსაცდელი ვადით. მხოლოდ და მხოლოდ ამიტომ. მეორეც ერთი, იმდენად რამდენადაც საშუალო ხელფასი მცირეა – „აზოტში“ ქიმიურ წარმოებაში 400-500 ლარია ხელფასი(ხელზე ასაღებ თანხას ვგულისხმობ). რა თქმა უნდა, ამით  ადამიანი თვიდან თვემდე ვერ იკვებება. იქ საბანკო დავალიანებები იყო, ოჯახი, სწვლის ქირა, და ა.შ. თქვენც ძალიან კარგად იცით, რომ ამ რეალობაში ვცხოვრობთ დღეს. ადამიანი, რომელსაც სახლიდან ასახლებენ, ადამიანი, როცა ქირით ცხოვრობს, თავისთავად დაეთანხმებოდა კომპენსაციას“- განუცხადა „მეტრონომს“ გელა ბიჭიაშვილმა.

მისი თქმით, „აზოტის“ ხელმძღვანელობამ პროფკავშირებს ხელშეკრულება გაუუქმა, თუმცა გელა ბიჭიაშვილი ამბობს, რომ პროფკავშირების თავმჯდომარეს და მის მოადგილეებს ხალხი ნიშნავს, შესაბამისად, „აზოტის“ ხელმღვანელობა მათ ვერ გაათავისუფლებს.

„რუსთავის „აზოტის“ ხელმძღვანელობას პროფკავშირების გაუქმების უფლება არ აქვს. ერთი იცოდეს ყველა ბიზნესმენმა, პროფკავშირი არც შპს „რუსთავის აზოტის“, არც სააქციო საზოგადოების არ არის, პროფკავშირი არის ხალხის, ეს არის არჩევითი ორგანო. „რუსთავის აზოტის“ პროფკავშირების თავმჯდომარეს, ანუ მე და ჩემს თავმჯდომარეებს არ ნიშნავს დამსაქმებელი, მათ ხალხი ირჩევს. ამიტომ ესაა მორიგი შეცდომა. ჩვენ კოლექტიური ხელშეკრულება გვქონდა მათთან და გაგვიუქმეს, ამით შეეცადნენ ჩვენი საქმიანობა შეზღუდულიყო, თორემ ის მე ვერც გამათავისუფლებს და ვერც დამნიშნავს“- აღნიშნა ბიჭიაშვილმა.

მისი თქმით, დადასტურებული ინფორმაცია აქვს, რომ ქარხანას საქართველოს ბანკი ფლობს და სააქციო საზოგადოება რუსთავის აზოტს უბრალოდ მმართველობაში გადასცა.

„ეს არის საჯარო, რეესტრიდან ამოღებული დოკუმენტები, რომ ჯერ კიდევ 10 აგვისტოს ჩამოყალიბდა ის, რასაც თავის თავს დღეს ეძახიან – სააქციო საზოგადოება „ეუ ინვენსტმენტი“. ეუ ნიშნავს ეფრემ ურუმაშვილს. ის წინა წლის 13 სექტემბერს რეგისტრირდა, ხოლო მანამდე შპს რუსთავის აზოტი კურირებდა. მე არ ვიცი რა გარიგება შედგა მათ შორის. ხოლო ახლა ოფიციალურად სააქციო საზოგადოება „ეუ ინვესთმენტია“- განუცხადა „მეტრონომს“ გელა ბიჭიაშვილმა.

„საქართველოს ბანკში“ კი აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფენ,  ამბობენ, რომ არ უყიდიათ, არ ფლობენ „რუსთავის აზოტს“ და არც „ეუ ინვესტმენტთან“ აქვთ რაიმე კავშირი.

შეგახსენებთ, ერთ თვეზე მეტია, რაც რუსთავის აზოტიდან 330 მუშა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გაათავისუფლეს. მათ გათავისუფლებას პროტესტის ტალღა მოჰყვა.

ნინო ცხადაია

იტვირთბა....