ე.წ. ოსური და რუსული საჯარისო ფორმირებების გაერთიანების შესახებ ხელმოწერილ დოკუმენტს, ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ეხმაურება. ვიქტორ დოლიძე მომხდარს რუსეთის მხრიდან მორიგ პროვოკაციად აფასებს. მინისტრი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებას განაგრძობს. დოლიძის განცხადებით, ეს ნაბიჯები რუსეთს ბუმერანგივით უკან დაუბრუნდება.
„ის ნაბიჯები, რაც იდგმება რუსეთის მხრიდან, ახლა არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი და დარწმუნებული ვარ, მას ბუმერანგივით უკან დაუბრუნდება. რეაგირება უკვე მომხდარია, აქ არის საუბრები როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ დონეზე ფორმატების გამოყენებით და ინფორმირების პროცესი, გაეროს, ევროკავშირის, ნატოს თუ ნებისმიერი სხვა, თქვენ ნახავდით ალბათ მაღალი დონის წარმომადგენლების განცხადებებს, ბუნებრივია, გაგრძელდება. სხვა ბერკეტი ამ ეტაპზე სამწუხაროდ არაფერი არსებობს,“ – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
შეგახსენებთ, რომ პუტინმა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების რუსეთის არმიის შემადგენლობაში შესვლას მხარი დაუჭირა.