ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებულთა ზიანის ანაზღაურება ჩვენს ფუნქციას არ განეკუთვნება“

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, მთავრობამ „ბავშვთა სამყაროს“ დაწვის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთა და მიყენებული ზიანის ანაზღაურება მის ფუნქციას არ განეკუთვნება. ამის შესახებ მერმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ეს იყო გარკვეული შუამავლის როლი კომერციულ ბანკებთან მიმართებაში. მოგეხსენებათ, გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა კომერციული ბანკების მხრიდან, პროცესში ჩართული იყო ეროვნული ბანკი, ბანკების ასოციაცია და მოხდა გადასახდელი თანხების გადავადება. პარასკევს თბილისის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა ჩემი მაოდგილეების მონაწილეობით, სადაც ასევე დამატებთ შეღავათებზე იყო საუბარი. თუმცა, საბოლოო ჯამში, ცალკეული გადაწყვეტილებები, თუ ვის რამდენს და როგორი ფორმებით გადაუვადებენ, კომერციული ბანკების პრეროგატივაა. ფინანსთა სამინისტრომ შეიმუშავა სპეციალური ნორმა, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს იმ ზიანის ჩამოწერა, რომელიც მათ მიადგათ, რათა არ დაიბეგროს გადასახადებით. გარკვეული შეღავათები გაკეთდა სალარო აპარატებთან დაკავშირებით. ჩვენ ვიკისრეთ შუამავლის ფუნქცია ბაზრობების ასოციაციასთან და მათ გარკვეული ფართები გამოყვეს რამდენიმეთვიანი საშეღავათო პერიოდით, რათა დაზარალებულები განთავსდნენ ამ ფართებში. არის ასევე ცალკეული საკითხები, რომლებზეც ჩვენ მათ დავეხმარეთ. ამის გარდა, სხვა რაიმე საკითხი მიყენებული ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით არც ცენტრალური მთავრობის და არც ადგილობრივი მთავრობის პრეროგატივას არ განეკუთვნება. ეს არის, ერთი მხრივ, ბაზრობის ადმინისტრაციასა და მეორე მხრივ, უშუალოდ მოვაჭრეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის საგანი, თუმცა ძალიან ცუდია ის, რომ მათ შორის ხელშეკრულება მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა – არ იყო დაზღვევასთან დაკავშირებული მექანიზმები გათვალისწინებული. გარდა ამისა, ზუსტი ზიანის ოდენობის დადგენაც შეუძლებელია. ძალიან ბევრი პრობლემური საკითხი არსებობს ამასთან დაკავშირებით და მიგვაჩნია, რომ მთავრობის ფუნქციას არ განეკუთვნება ასეთ შემთხვევაში მიყენებული ზიანის ანაზღაურება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

შეგახსენებთ, „ბავშვთა სამყაროს“ დაწვის შედეგად დაზარალებულები მოვაჭრეები მთავრობის ადმინისრტაციასთან საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი სახელმწიფოსგან ზარალის კომპენსაციას ითხოვენ.

იტვირთბა....