„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო ირაკლი ჩხვირკია პარტიიდან გარიცხა. ამის შესახებ ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის განცხადებაში.
მათი ინფორმაციით, ირაკლი ჩხირკვიას მიერ ბათუმის მოვლენებისას გაკეთებული განცხადებები პარტიასთან შეთანხმებული არ ყოფილა.
“ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, პარტიასთან შეუთანხმებლად ირაკლი ჩხვირკიას მიერ გაკეთდა არაერთი განცხადება და ქმედება, რომელიც არ გამოხატავდა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოზიციას. მეტიც, მისი ქმედებები ენმ-ის პოზიციის საწინააღმდეგო იყო.
ამ დროისთვის ირაკლი ჩხირკვია პარტიიდან გარიცხულია“, – ნათქვამია პარტიის პრესსამსახურის განცხადებაში.
ირაკლი ჩხვირკია ერთ-ერთი იყო, რომელიც ბათუმში მიმდინარე აქციის დროს ქალაქში ჩავიდა და მომიტინგეებს სოლიდარობა გამოუცხადა, საზოგადოებასაც სოლიდარობისკენ მოუწოდა. ასევე მისი მხრიდან გაჟღერებული იყო მთავრობის გადადგომისა და აქციის ორგანიზატორთა ხელშეუხებლობის მოთხოვნა. ირაკლი ჩხვირკიას მიერ გაკეთებული განცხადებები ერთ-ერთია, რის გამოც ხელისუფლების წარმომადგენლები „ნაციონალურ მოძრაობას“ საზოგადოებისადმი აქციის სოლიდარობისკენ მოწოდებაში ადანაშაულებენ.