“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” კვლევა წარმოადგინა, რომელიც ძირითადად პრემია-დანამატებსა დახმარებებს ეხება. როგორც ირკვევა, იმერეთის მუნიციპალიტეტებში პრემია-დანამატის და დახმარების სახით, 2016 წელს 3 მილიონ ლარზე მეტი გაიცა. “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ამ მიმართულებით ლიდერი ქუთაისის მერია და საკრებულოა. ქუთაისის მერიაში 2016 წელს მხოლოდ პრემია-დანამატის სახით, 734 981 ლარი გაიცა. ქუთაისის საკრებულოში, თავმჯდომარის 2 მოადგილე ბექა ყანჩელი და ნიკოლოზ ლატარეა 2016 წლის განმავლობაში ხელფასთან ერთად ყოველ თვე პრემია-დანამატს იღებდნენ.
კვლევის ინფორმაციით, იმერეთის რეგიონში, 12-ვე მუნიციპალიტეტში ხელფასის სახით 22 მილიონ ლარზე მეტი გაიცა.
როგორც ირკვევა, ქუთაისის შემდეგ პრემია-დანამატების გაცემის თვალსაზრისით ზესტაფონი ლიდერობს. გამგეობაში პრემიების სახით 405 245 ლარია გაცემულია, ხოლო საკრებულოში 95 025 ლარი. ამ ინფორმაციას “საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის კოორდინატორი, ლელა მოწონელიძე ავრცელებს.
მისი განცხადებით, ასევე არიან მუნიციპალიტეტები, რომლებიც პრემია-დანამატის გაცემის სიმწირით გამოირჩევიან, ან საერთოდ არ გასცემენ მას.
“ასეთია ბაღდათის რაიონი. ბაღდათის რაიონის საკრებულოში საერთოდ არ გაცემულა პრემია და დანამატი გარდა სახლეფასო ანაზღაურებისა. რაც შეეხება გამგეობას, გამგეობაში 17 000 ლარი გაიცა, რაც საკმაოდ ცოტაა იმ რიცხვებთან შედარებით, რაც სხვა მუნიცაპალიტეტების შემთხვევაში გვაქვს.
ასევე პრემია დანამატების გაცემის სიმწირით გამოირჩევა ხარაგაულის საკრებულო. აქ მხოლოდ 1000 ლარია გაცემული 2016 წლის განმავლობაში პრემიის სახით.