სპონტანური თუ პოლიტიკურად მართული აქცია? ეს კითხვა ბათუმში განვითარებული მოვლენების თაობაზე მას შემდეგ გაჩნდა, რაც პროტესტმა უკიდურესად აგრესიული ფორმა მიიღო. ვრცელდება რამდენიმე ვერსია, თუ ვის და რა პოლიტიკური ინტერესი შეიძლებოდა ჰქონოდა მომხდარით. ამის შესახებ ისაუბრა ექსპერტმა მამუკა არეშიძემ.
“ჩვენ ვნახეთ ერთი საყოფაცხოვრებო, ჩვეულებრივი ამბავი, რომელიც ჩემთვის ბოლომდე გასაგები არ არის, როგორ აქციეს პოლიტიკურ აქტად და ამაში წვლილი “ნაციონალურმა მოძრაობამ” შეიტანა. არ მოერიდნენ იმას, რომ ქალაქი ლამის დაანგრიეს, რითაც კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ საკუთარი ინტერესებისთვის ყველაფერზე წავლენ. შევახსენებ ყველას, რომ ზოგიერთი მიზეზის გამო აჭარა ისედაც ძალიან ფაქიზი რეგიონია, რომელსაც უამრავი ხარბი თვალი უყურებს.
“ნაციონალური მოძრაობისთვის” სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყანაში საპროტესტო მუხტის აწევა და ხალხის ქუჩაში გაყვანა. გაიხსენეთ ის წერილი, რომელიც “რუსთავი-2”-ის ხელმძღვანელობამ სტრასბურგში გაგზავნა, სადაც პირდაპირ ჩაწერეს, რომ ელოდნენ ქუჩაში არეულობას, ქაოსს, დაპირისპირებას… გვაქვს საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ მათ ამ წერილით გამოთქვეს პროგნოზი იმისა, რასაც თვითონ აპირებდნენ”-აცხადებს ექსპერტი.
მისივე თქმით, ფაქტია, რომ ვერ მოახერხეს “რუსთავი-2”-ის დაცვის მოწოდებით ხალხის აქციებზე კონსოლიდირება და ქუჩაში გაყვანა! თუმცა შემაშფოთებელი იყო ის, რომ ბათუმში მიმდინარე პროცესების პარალელურად “ნაციონალური მოძრაობის” ერთმა ჯგუფმა თბილისში, პარლამენტთან დაიწყო შეკრება, მეორე ჯგუფმა – ქუთაისში… მომიტინგეებს ისე გამოუცხადეს სოლიდარობა, არც აინტერესებდათ, იქ რა ხდებოდა.
“ვნახეთ ნაცნობი სახეები, ბიბილაშვილი, რურუა, ხერხეულიძე… მთავარი იყო, რაც შეიძლებოდა გაემძაფრებინათ საპროტესტო ტალღა. აშკარად ეტყობოდა, რომ, შესაძლოა, თავიდანვე – არა, მაგრამ რაღაც ეტაპიდან მთელი ეს აქცია ორგანიზებული იყო. გაიხსნეთ ქვებით სავსე ტომრების გამოჩენა, აირწინაღიანი ხალხი და, ბოლოს და ბოლოს, აშკარად გამოჩნდა, რომ “მოლოტოვის კოქტეილები” გამოიყენეს.
ეს ერთი ხელის მოსმით არ კეთდება. მე არ ვამბობ, თითქოს ისე იყვნენ მომზადებული, რომ ეს მოლოტოვის კოქტეილები რამდენიმე დღით ადრე გააკეთეს… სავარაუდოდ, იმავე დღეს დაამზადეს, მაგრამ ვინც ამას აკეთებდა, ის ჯგუფი მზად იყო ამისთვის, მასალა ჰქონდათ მომარაგებული და ფიქრობდნენ, რომ ადრე თუ გვიან ეს დასჭირდებოდათ. ეს ყველაფერი შეიძლება სჭირდებოდეთ, უპირველესად, “რუსთავი 2″-ის თემასთან დაკავშირებით სკანდალის ასაგორებლად, განსაკუთრებით – დასავლეთის თვალში. ბოლოს და ბოლოს, სტრასბურგში გაგზავნილი წერილის შინაარსი ხომ უნდა გაამართლონ.
მერაბ ღოღობერიძეს ვიცნობ, საკმაოდ ემოციური ადამიანია, რომელიც განსაკუთრებით „ნაციონალებს“ ემტერება. არ გამოვრიცხავ, ის გარკვეულ ძალებს გამოეყენებინათ, თუმცა ჩემს ყურამდეცაა მოსული ინფორმაცია, რომ რეგიონებში თბილისიდან ჩასული ძალოვანი სტრუქტურების ზოგიერთი წარმომადგენელი არაკორექტულად იქცევა და არამხოლოდ ბათუმის შემთხვევაში. ამ ცოტა ხნის წინ ჯავახეთიდან მომაწოდეს მსგავსი ინფორმაცია. რასაკვირველია, ნებისმიერ ქართველს შეუძლია, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მიიღოს თანამდებობა, მაგრამ კეთილი ინებონ და სადაც ჩადიან, იქაურ ტრადიციებსა და ვითარებას ანგარიში გაუწიონ”.
არეშიძე ხელისუფლების შიგნით დაპირისპირებას ვერ გამორიცხავს. ვინც უნდა თამაშობდეს ამ თამაშს, უნდა იცოდეს, რომ ეს ძალიან სახიფათოა და ცეცხლს ეთამაშება. აღსანიშნავია, რომ ბათუმელებისგან მიღებული ინფორმაციით, ამ აქციაში მონაწილეების უმრავლესობა – განსაკუთრებით ბოლოს შემომატებულები – ბათუმელი სულაც არ იყო. საქართველოს სხვა კუთხეებიდანარ ჩამოუყვანიათ, მაგრამ აჭარის სოფლებიდან – კი.
“ვიმეორებ, ვარაუდს, რომ მომხდარი ხელისუფლებაში არსებული უთანხმოების შედეგია, ვერ გამოვრიცხავთ. თუ ვინმე ამას მიზანმიმართულად უწყობდა ხელს, ყველა უნდა დაისაჯოს: პატრულის რიგითი თანამშრომელი, ხელისუფლებისა თუ ოპოზიციის წარმომადგენელი… უნდა დაისაჯონ ის ვანდალებიც, ვინც საკუთარი ქალაქი ასეთ დღეში ჩააგდო.
ეს რეგიონი განსაკუთრებით საფრთხილოა გაგახსენებთ, თურქეთს დღემდე აქვს ყარსის ხელშეკრულების ამოქმედების უფლება. ეს შეეხება უფრო ინტერვენციის შემთხვევას, მაგრამ არ არის გამორიცხული, სხვა თემებზეც დაიწყოს სპეკულაცია. სამწუხაროა, რომ ადამიანთა ნაწილი თავისი მიზნებისთვის ისე იბრძვის, ქვეყნის ბედი არ აინტერესებს.
მედალს ორი მხარე აქვს. შეიძლებოდა, რა თქმა უნდა, დასაწყისშივე აღეკვეთათ, მაგრამ გამოვიდა ისე, რომ ამ ვითომ დაგვიანებით კარგად გამოჩნდა ამ პროტესტისა და მის უკან მდგომთა რეალური სახე. პირველივე წუთიდან რომ აღკვეთილიყო ეს პროტესტი, ხომ წარმოგიდგენიათ, რა ხავილი ატყდებოდა, რომ ხალხს თურმე თავისუფალი სიტყვის გამოთქმას უშლიან. აუცილებლად წავიდოდა სტრასბურგში წერილი, ჩვენი მომხრეები გამოვიდნენ „რუსთავი 2“-ის მხარდასაჭერად და ისინი დაარბიესო”-განაცხადა მამუკა არეშიძემ.
წყარო: geotimes.ge