ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბათუმში ამ დრომდე პოლიციაა მობილიზებული

ორი დღის წინ განვითარებული მოვლენების გამო, ბათუმში ამ დრომდე პოლიციაა მობილიზებული, რომლებიც 24-საათიან რეიდს ახორციელებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ორი დღის წინ განვითარებული მოვლენების გამო, ბათუმში სამართალდამცველები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან იმყოფებიან.

რაც შეეხება აქციაზე დაკავებულებს, 40 ადამიანიდან 7-ის გარდა, ყველა ხელწერილით გათავისუფლდა,  თუმცა, მინისტრის თქმით, ადმინისტრაციული წარმოება მაინც გრძელდება და ისინი სასამართლოს წინაშე წარდგებიან.

დაკავებულთა ადვოკატის განცხადებით, არ არის გამორიცხული, დაკავებული პირებისადმი წაყენებული ბრალი გადაკვალიფიცირდეს და მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას.

„ვინაიდან ბათუმის საქალაქო სასამართლო ვერ ჩაეტია  12-საათიან ვადაში, ამიტომ მოხდა ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების გათავისუფლება. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქმის წარმოება შეწყდა. საქმის წარმოება უნდა  განახლდეს სამი დღის ვადაში. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ერთხმად ადმინისტრაციული წესით ყველა დაკავებულს სახდელი შეუფარდა 5-დღიანი პატიმრობა, რაც ვარაუდის საფუძველს მაძლევს, რომ მიზნად ისახავს ეს დაკავება, რომ აპირებენ გამოძიების დაწყებას,“ – განაცხადა ადვოკატმა „რუსთავი 2-თან“.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ ბათუმში საპროტესო აქცია გაიმართა.  პოლიცია შეეცადა ცრემლსადენი გაზით დაეშალა ისინი, თუმცა აქცია მაინც გაგრძელდა. აქციის მონაწილეებმა დააზიანეს ქალაქის ინფრასტრუქტურა.

 

იტვირთბა....