აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კლანებს შორის დაპირისპირება ბათუმში: „აჭარის არევა, ყარსის ხელშეკრულება და რუსული სცენარი“

მედიასივრცეში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბათუმში გამართული აქცია ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის კლანსა და პოლიციის დღევანდელ ხელმძღვანელობას შორის დაპირისპირების შედეგია. მოგეხსენებათ, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში ბათუმში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. სწორედ აღნიშნული ფაქტი გახდა ეჭვის ერთ-ერთი მიზეზიც, რადგან როგორც მავანნი ამბობენ, როგორც წესი, ის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ არც ერთ მოვლენას ასე მყისიერად არ გამოხმაურებია.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბათუმში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ასე გამოეხმაურა:

„არ შემიძლია უემოციოდ ვუყურო ბათუმში განვითარებულ სრულიად არანორმალურ, ანტისახელმწიფოებრივ და ქაოტურ მოვლენებს. ამის გამომწვევ მიზეზებზე საუბრისა და შეფასების დრო ახლა არ არის. ეს არის ძალიან სერიოზული გამოწვევა, რაზეც აუცილებელია დროული, გონივრული და მკაცრი რეაგირება მთავრობის მხრიდან!

ეს არის სახელმწიფოებრიობის ტესტი, რაც პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მომავალზე, ამიტომ მშვიდი და ცივი გონებით მოქმედების დროა”, – დაწერა სოციალურ ქსელში ირაკლი ღარიბაშვილმა.

რა გახდა ბათუმში აქციის უკონტროლო სიტუაციამდე გადაზრდის მიზეზი – ხელისუფლების ძველ და ახალ ელიტებს შორის დაპირისპირება თუ პოლიციის მიერ მოქალაქეების მიმართ უსამართლო მოპყრობა.

გაზეთ „ქრონიკა პლიუსის“ რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში განმარტავს,  რატომ ხედავს ბათუმში განვითარებული მოვლენების უკან ირაკლი ღარიბაშვილისა და რუსეთის კვალს:

„რატომ ვხედავ ბათუმში გუშინ განვითარებული მოვლენების უკან რუსეთის და ირაკლი ღარიბაშვილის კვალს?

ვეცდები თანმიმდევრობით:

1 – ირაკლი ღარიბაშვილი გადადგომის მერე ვენაში საიდუმლოდ შეხვდა ვლადიმერ სურკოვს

2 – გასული წლის იანვარში დაიწყო ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ კამპანია, დაიგეგმა არეულობა, რასაც უნდა მოყოლოდა ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება და პარტიის შექმნა

3 – გეგმა ჩაიშალა (დეტალებზე სხვა დროს დავწერ)

4 – აჭარის საპატრულოს ყოფილი შეფი ღარიბაშვილის კადრი გახლავთ (ადრე ქუთაისში მუშაობდა, სწორედ მას დაავალა ჯანყარაშვილმა ჩემი შვილის დაჭერა

5 – “ლამაზო” (ასე მოიხსენიებს აჭარის პოლიციის უფროსს… რედ.) გორში გადაიყვანეს და მის ადგილას გორიდან დანიშნეს უფროსი

6 – ვიღაც პროვოკატორი პატრული აჭარლებს ეძახის თათრებს და უკიდურესად ძაბავს სიტუაციას.

7 – ღარიბაშვილის ფანი მერაბ ღოღობერიძე 4 მარტს წუხს – ირაკლი დააკლდა ქვეყანასო და საპატრულო პოლიციის უფროსის გადადგომის აქციას აანოსებს!

8 – ხდება არნახული მასშტაბის პროვოკაცია, დენთის სუნი დადგა აჭარაში .

9 – აჭარის არევა ყარსის ხელშეკრულების გათვალისწინებით, ცუდი რუსული სცენარია

10 – ირაკლი ღარიბაშვილი ოპერატიულად გამოეხმაურა მომხდარს (სხვა დროს მსგავსი რამ არ მახსენდება)

11 – რუსების ფავორიტი ირაკლი ღარიბაშვილია – ეს 2016 წელს იყო უკვე ცხადი.

12 – თამაშობს თუ არა კულისებიდან ღარიბაშვილის ხელით ბიძინა ივანიშვილი? – ჯერ არ ვიცი.

13 – პატივცემულო უჩა ჯანყაშვილს მართლა შეურიგდით?

ევროპა არ გინდათ, აფხაზეთის რკინიგზა და კონფედერაცია მოგინდათ?

ნურას უკაცრავად!“ – წერს სოციალურ ქსელში ელისო კილაძე.

ამაზე საუბრობს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრი ოთარ კახიძეც. ის ამბობს,  რომ  ხელისუფლებამ უნდა გაარკვიოს, რატომ არის ბათუმში ირაკლი ღარიბაშვილის კლანსა და პოლიციის დღევანდელ ხელმძღვანელობას შორის დაპირისპირება. მისი თქმით, მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ბათუმში აქცია ორგანიზებული იყო.

„ბათუმის აქცია იყო ორგანიზებული, რისი ყველა ნიშანიც სახეზეა. იქ მიტანილი იყო ქვები ტომრებით, აქციის მონაწილეებს ჰქონდათ ჯაჭვები, ჰქონდათ აირწინაღები, “მოლოტოვის კოქტეილები”. ისინი ორგანიზებული იყვნენ. გუშინ ჩვენ მოვისმინეთ ინტერვიუ მერაბ ღოღობერიძესთან, რომელიც სუს-ის ცნობილი ზონდერია და რომელიც ხელისუფლების დავალებით თავს ესხმოდა საკონსტიტუციო სასამართლოს და პოლიტიკურ ოპოზიციას. ღოღობერიძე არ მალავს, რომ ამ აქციის ორგანიზატორი თავად იყო. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ამ აქციის ორგანიზებაში მთავრობის შიგნით კიდევ ვინ იყვნენ ჩართული ღოღობერიძესთან ერთად. გარდა ამისა, უნდა დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვისაც წესრიგისა და უსაფრთოების დაცვა ევალებოდა ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქალაქში, რომელიც არის ადმინისტრაციული და ტურისტული ცენტრი და რომელიც სახელმწიფომ მთელი ღამის განმავლობაში ორგანიზებულ ხულიგნებს არბევინა. ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა, რომ ვანდალიზმი და ვაკჰანალია აღეკვეთა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქალაქები, მოქალაქეთა საკუთრება არ არის დაცული“, – განუცხადა ჟურნალისტებს ოთარ კახიძემ.

მისი თქმით, ხელისუფლებამ ხელი „ნაციონალურ მოძრაობას“ არ უნდა შეაწმინდოს.

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაც აღნიშნავს, რომ ეს იყო „ქართული ოცნების“ ძველი და ახალი ელიტების დაპირისპირება.

„ჩემი დასკვნით, ბათუმში წუხელ იყო ქოცების ძველი და ახალი ელიტების დაპირისპირება. მათგან არაკონტროლირებადი საპატრულოს უფროსის წინააღმდეგ სუსმა აცირკულირა “თათრები” და დუღილის ტემპერატურამდე მიიყვანა პროცესები.

ამის შემდეგ, მოვლენები გაექცათ ხელიდან და პოლიციამ და სპეცრაზმმაც იმუშავეს არაადეკვატურად და სუსტად.

პოსტფაქტუმ, სცადეს ტრადიციულად ისრების გადაწევა ნაცებისკენ (მათმა წუხანდელმა საკმაოდ უმწიფარმა ქცევამ და ნარატივმა ამისთვის ნოყიერი ნიადაგი შექმნა) და უსუსტესი სპეცოპერაციის შეფუთვა “კაცთმოყვარეობით”.

p.s. რ2-საც უკირკიტეს, მაგრამ აქ საერთოდ არ ჩაუვიდათ ფეხი. პრაქტიკულად იდეალურად ვიმუშავეთ და იმიტომ“ – დაწერა ნიკა გვარამიამ facebook-ზე.

როგორც აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ელგუჯა ბაგრატიონი აცხადებს, დაპირისპირება ერთვი თვის წინ დაიწყო, როცა საპატრულო პოლიციის ახალი უფროსის დანიშვნის შემდეგ სუს-ის თანამშრომელი დააკავეს, ხელბორკილები დაადეს და პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს.

„სუს-ის ეს თანამშრომელი არის ყიფიანი, თავის ძმებთან ერთად იქნა დაკავებული და გადაყვანილი. ამის შემდეგ დაიწყო დაპირისპირება სუს-სა და საპატრულო პოლიციას შორის. სწორედ ერთი თვის განმავლობაში მიზანმიმართულად მიმდინარეობდა საპატრულო პოლიციის დისკრედიტაცია, სუს-ი აკეთებდა ყველაფერს, რომ დაპირისპირებოდა ხალხი საპატრულო პოლიციას. სწორედ მშვიდობიანი აქციის გაგრძელება იყო ვანდალიზმით, რომელიც 12 საათის შემდეგ განვითარდა, იყო სუს-ის მიერ ინსცენირებული,“ – განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ელგუჯა ბაგრატიონმა.

სუს-ის თანამშრომლის, ამირან ყიფიანის ოჯახში არ გამორიცხავენ, რომ ბათუმში მომხდარი დაპირისპირების მიზეზი ძალოვან უწყებებს შორის უთანხმოება გამხდარიყო. სუს-ის თანამშრომლის ოჯახში ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ ამირან ყიფიანის ძმა რამდენიმე დღის წინ საპატრულო პოლიციამ დააჯარიმა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. კამათის შემდეგ ყიფიანის ძმა დააკავეს.

ბათუმში საპატრულო პოლიციის უფროსის კახა ბუხრაძის წინააღმდეგ მიმართული საპტოტესტო აქცია 9 მარტს უფლებადაცველისა და აქტივისტის, მერაბ ღოღობერიძის ორგანიზებით დაიწყო, – ამ ინფორმაციას თავად ღოღობერიძე ადასტურებს.   სწორედ ის ავრცელებდა სოციალური ქსელის საშუალებით ინფორმაციას აჭარის საპატრულო პოლიციის მხრიდან მოსახლეობისადმი შეურაცხყოფების მიყენების თაობაზე, თუმცა ის იმასაც ამბობს, რომ ამ ფაქტების დამამტკიცებელი მასალა არ აქვს.

ვინ არის მერაბ ღოღობერიძე, შეგიძლიათ იხილოთ აქ .

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე უარყოფს იმ მოსაზრებას, რომ ბათუმში აქცია სუს-ის თანამშრომელსა და პოლიციას შორის დაპირისპირებას მოჰყვა.

როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიცია ამ ვერსიით მხოლოდ თავს იმართლებს. ის ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას, იმის თაობაზე, უნდა დაინტერესდეს თუ არა გამოძიება კონკრეტულად მერაბ ღოღობერიძის ფაქტორით, არ პასუხობს.

„გამოძიება დაწყებულია არაერთი ადამიანის მიმართ. დაველოდოთ შედეგებს, თუ ვინ გამოიკვეთება, ვინ ახდენდა ორგანიზებას, ვინ იყო ჩართული ძალადობის პროცესში – ამ შეკითხვებს უნდა უპასუხოს გამოძიებამ. თუმცა, მეორე მხრივ, გავრცელებულ მასალებში კარგად ჩანს, რომ ამ მოვლენებში ჩართული იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, მათი სატელიტი ორგანიზაციის ლიდერები. ვნახეთ, რომ მათ სოლიდარობა გამოუცხადეს და მხარდამჭერი აქციები დააანონსეს. ასევე, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, ძველი „ნაციონალური მოძრაობა“ რატომ აღმოჩნდა გაყოფილი. გაყოფის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, როგორც საზოგადოებამ იცის, არის ის, რომ ძველი „ნაციონალური მოძრაობა“ თავის კოლეგებს სთავაზობდა რევოლუციური, ძალადობრივი ცვლილებების გამოყენებას პოლიტიკური ცვლილებებისთვის. შესაბამისად, ეს საკითხები არის ერთმანეთთან დაკავშირებული“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, ბათუმში, 2 დღის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში ქაოსში გადაიზარდა. ერთ-ერთი ვერსიიტთ, ბათუმში 11 მარტს ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც “ბათუმი პლაზას” მიმდებარედ პატრულმა ადმინისტრაციული წესით მამა–შვილი დააჯარიმა, ხოლო შემდეგ ადმინისტრაციული წესით დააკავა. ამას მოჰყვა ასობით ადამიანის პროტესტი. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ზოგიერთმა პოლიციელმა, მათ შორის პოლიციის უფროსმა “აჭარლები თათრებად” მოიხსენია. დემონსტრანტები პოლიციელებს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის კუთხით არაადეკვატურ ჯარიმებშიც ადანაშაულებდნენ. აქციის მონაწილეების დაშლა პოლიციამ ცრემლსადენი გაზის გაშვებით სცადა, მაგრამ ისინი მაინც არ დაშლილან. მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული პირები შინაგან საქმეთა სამინისტრომ პატიმრობიდან გაათავისუფლა, აქცია მაინც არ შეწყდა. აქციის მონაწილეებმა ქალაქის ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დააზიანეს. ბათუმის მერის თქმით, მიყენებული ზარალი 150 ათას ლარამდე აღწევს.

ნინო ცხადაია

იტვირთბა....