ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“საქართველოს დადანაშაულება ტელეკომპანიაზე ზეწოლის განხორციელებაში, უსამართლოა” :პრემიერი ევროპარლამენტარებს წერილით მიმართავს

გიორგი კვირიკაშვილი წერილში ევროპარლამენტარებს მადლობას უხდის იმ ინტერესისთვის, რომელსაც მისი თქმით, ისინი იჩენენ საქართველოსა და მისი დემოკრატიული და ევროპული მომავლისადმი. საქართველოს პრემიერი წერილში აღნიშნავს, რომ საქართველოს დადანაშაულება კერძო ტელეკომპანიაზე ზეწოლის განხორციელებაში, უსამართლოა.

”ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით, ევროპული პოლიტიკური პარტიების ჩათვლით, საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან წინსვლას თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე. თქვენ არაერთხელ გაქვთ გამოხატული, რომ მხარს უჭერთ საქართველოს ევროპულ დღის წესრიგს და რომ აფასებთ მნიშვნელოვან საგარეო თუ შიდა გამოწვევებთან ბრძოლაში ჩვენი ქვეყნის ძალისხმევას. ამის გათვალისწინებით, ჩემთვის დიდი მოულოდნელობა იყო 2017 წლის 7 მარტით დათარიღებული თქვენი წერილი; განსაკუთრებით გამაოცა მასში გამოთქმულმა მძიმე ბრალდებებმა.

“ქვეყნის სათავეში მოსვლის დღიდან ჩვენ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, რათა შევასრულოთ ჩვენი ხალხის მოთხოვნები და წინსვლას მივაღწიოთ რეფორმების გზაზე, რათა საქართველო იქცეს ევროპული სტილის ინსტიტუციური დემოკრატიის ქვეყნად, რომელიც ეფუძნება კანონის უზენაესობას, ფუნდამენტური უფლებების დაცვას და სიტყვის თავისუფლებას, ასევე ხელისუფლების მხრიდან ძალადობის, დევნისა და ზეწოლისგან თავისუფლებას.

“საქართველოს სხვა პარტნიორებისა და მეგობრების შეხედულებებისა და რეკომენდაციებისადმი პატივისცემის მიუხედავად, ყველა მტკიცებულების უგულებელყოფა და საქართველოს დადანაშაულება კერძო ტელეკომპანიაზე ზეწოლის განხორციელებაში, რაც თითქოს ემსახურება მისი მფლობელისა და სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას და ამ გზით დემოკრატიისა და თავისუფალი მედიისთვის დარტყმის მიყენებას, რასაც ემატება ბრალდება სასამართლოს მანიპულაციაში კონკრეტული პოლიტიკური შედეგის მიღების მიზნით – ყოველივე ეს, ჩემი აზრით, უსამართლო და უსაფუძვლოა”,- აღნიშნავს პრემიერი.

იტვირთბა....