უკრაინის პროკურატურამ უკრაინაში საქართველოს ყოფილ გენერალურ კონსულს დიდი ოდენობით ქონების მითვისებისთვის ბრალი წაუყენა. როგორც თეიმურაზ ნიშნიანიძე ამბობს, საქმე ამ თანამდებობაზე მუშაობის პერიდოს ეხება.
თეიმურაზ ნიშნიანიძე კიევი-ოდესის გზაზე გააჩერეს და ბრალიც იქვე წაუყენეს, რისი ამსახველი ვიდეო მასალაც თავადვე „სოციალურ ქსელში“ გამოაქვეყნა. ის ამ ფაქტს მისი და იმ გუნდის დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს, რომელთანაც ნიშნიანიძის თქმით, ის ასოცირდება.
„ღამის პირველ საათზე საპატრულო პოლიციამ ვითომდა, დავარღვიე საპატრულო მოძრაობა, შემაჩერა. როგორც კი გავჩერდი და მანქანიდან გადმოვედი, ეგრევე, სპეცოპერაციის სტილში, უშიშროების სამსახურმა და გენერალურმა პროკურატურამ გადაკეტა გზა და მითხრეს, რომ გენერალური კონსულობის მუშაობის პერიოდში რაღაც ჩემთვის უცნობ საქმეზე, რომელზეც გამოძიება მიდის ჩუმად, 9 თვის განმავლობაში, მე მედება ბრალი. ჩემთვის მასალა იქ არსებული, თუ ესეთი რამ არსებობს, უცნობია“- განუცხადა „რუსთავი 2-ს“ თეიმურაზ ნიშნიანიძემ.
ყოფილი გენერალური კონსული გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს. თეიმურაზ ნიშნიანიძე პროკურატურაში დღეს არის დაბარებული და დღესვეა ჩანიშნული სასამართლო პროცესი. მისი განცხადებით, პროკურატურა დაპატიმრებას ან გირაოს ითხოვს.