აქტუალური თემა ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი

„ყველაფერი შენიღბული იყო“: ხალვაშის ადვოკატის თქმით, უცნობია „რუსთავი 2“-მა სტრასბურგში რა წარადგინა

„მეტრონომის“ ექსკლუზიური ინტერვიუ ქიბარ ხალვაშის ადვოკატ პაატა სალიასთან

სტრასბურგის სასამართლომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს განაჩენი, არხის ქიბარ ხალვაშისთვის გადაცემის შესახებ, უვადოდ შეაჩერა. პარალელურად, ირაკლი ოქრუაშვილი შ.პ. ს. პანორამას წილების დაყადაღებას ითხოვს, რომელსაც უზენაესმა სასამართლომ კომპანიის 40 % მიანიჭა. რას აპირებს მხარე, რომელიც ცოტა ხნის წინ სამართლიანობის აღდგენას ზეიმობდა – „მეტრონომს“ ქიბარ ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია ესაუბრა.

„მეტრონომი“: ბატონო პაატა, „რუსთავი 2“-ის საქმეზე, სტრასბურგის გადაწყვეტილებასათან დაკავშირებით, რომელიც უზენაესი სასამართლოს განაჩენის აღსრულების უვადო შეჩერებას გულისხმობს, თქვენ მხარეს რა გეგმები აქვს?

პაატა სალია: ჩვენ მხარეს სტრასბურგთან დაკავშირებით ერთი გეგმა აქვს – პროცესში მესამე პირად ჩავერთოთ. დავა ამ შემთხვევაში მიმდინარეობს განმცხადებელს და სახელმწიფოს შორის. ჩვენ ზუსტად არ ვიცით ვინ არის განმცხადებელი, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, ყარამანიშვილები და ტელეკომპანია „საქართველო“, თუ ვინ. ვიცით მხოლოდ ის, რომ საქმეს ჰქვია „სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ საქართველოს წინააღმდეგ“ და მხარეები არიან „რუსთავი 2“  და კონვენციის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო, ვინაიდან ეს დავა განიხილება სტრასბურგის სასამართლოს წესებით და ამ შემთხვევაში მოპასუხე შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფო. ეს არ ითვალისწინებს ჩვენი, როგორც მოპასუხე მხარის მონაწილეობას სასამართლოში. გვაქვს ერთადერთი გზა, ვიყოთ ამ პროცესის მონაწილე, რომლის მიმართაც არ გამოდის გადაწყვეტილება, ანუ მესამე, დაინტერესებული პირი. კონცვენციის 36-ე მუხლი და სასამართლოს წესების 44-ე მუხლიც ითვალისწინებს ამას, რომ მესამე მხარეს შეუძლია დამატებითი ინფორმაცია წარუდგინოს სასამართლოს და პოზიცია დააფიქსიროს. ამასთან დაკავშირებით შევიტანეთ განცხადება და  პასუხს ველოდებით.

– თეორიულად შეიძლება იმის განხილვა, რომ მესამე პირად არ მიგიღოთ სასამართლომ?

– თეორიულად, ყველაფრის განხილვა შეიძლება. შეიძლება გაუქმდეს ის შეჩერების ღონისძიებაც.

ვინაიდან ამ საქმეში უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მოხდა, ეს ჩვენ ინტერესებს აყენებს ზიანს. ამ საქმესთან დაკავშირებით საუბრობენ პოლიტიკურ შემადგენელზე, იმაზე, რომ სამართლებრივად არ აინტერესებთ და პოლიტიკურად ასე უნდა იყოს – ეს ჩვენთვის მიუღებელია. ეს ჩვენთვის ქონებრივი დავაა, სადაც ჩვენი დარღვეული უფლებების აღდგენას ვცდილობთ. საქართველოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მერე, ვერ ვახერხებთ მის აღსრულებას და ამ საკუთრებით სარგებლობას, რაც ასევე კონვენციით გათვალისწინებული უფლებაა. შესაბამისად, ჩვენს მიმართ ირღვევა ეს უფლება და ვვარაუდობთ, რომ  არსებობს საფუძველი,  სასამართლომ ჩვენი პოზიციაც მოისმინოს. წერილში, რომელიც გამოიგზავნა სასამართლოს მიერ, წერია, რომ შემდგომ შეტყობინებამდეა შეჩერებული აღსრულების ღონისძიება. იმედი გვაქვს, რომ სასამართლო ჩვენ პოზიციასაც მოისმენს, კარგად გაერკვევა დეტალებში და ისე მიიღებს გადაწყვეტილებას.

– როდის იქნება შემდეგი შეტყობინება?

– უცნობია, შეიძლება ხვალ იყოს, შეიძლება ერთი წლის შემდეგ.

– ბატონო პაატა, თქვენ საუბრობდით ფინანსურ ზარალზე, რაც ამ დროს ადგება ბატონ ქიბარ ხალვაშს. უფრო ზუსტად რომ ისაუბროთ, რა ზიანს გულისხმობთ?

– მან დაიბრუნა ქონება სასამართლო გზით, მაგრამ საკუთრების უფლების გამოყენება არ შეუძლია. ეს უფლება კი დაცულია ევროპული კონვენციით. აქედან გამომდინარე, ადგება ზარალი. თუ გაგრძელდა ეს უზრუნველყოფის ღონისძიება და შემდეგ, საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ სტრასბურგმა არ დააკმაყოფილა „რუსთავი 2“-ის სარჩელი და ამ მხარემ ვერ მოიგო პროცესი, გამოდის, რომ ამდენი ხანი ვიზარალეთ, რომ ველოდით პროცესს და ვერ შევძელით საკუთრებით სარგებლობა. ამიტომ, ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც განსაზღვრულია საპროცესო ნორმები, ყველგან გათვალისწინებულია, რომ თუ არასწორად მოხდა გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, ზიანის კომპენსაცია უნდა მოხდეს.

პრობლემა კიდევ ერთი რამეა და ამას მუდმივად ვუსვამ ხაზს: ძალიან საინტერესოა რა წერია იმ განცხადებაში, რითიც მიმართა „რუსთავი 2“-მა სტრასბურგის სასამართლოს. ეს დოკუმენტი ყველასთვის უცნობია. ეს დოკუმენტი ჩვენც არ გვინახავს. ათასი აზრია, ზოგი რას ამბობს, ზოგი რას. ვიღაც ამბობს, მყარი დოკუმენტები გაუგზავნესო, ვიღაც – „იმედის“ დარბევის ფაქტებიო… ეს ბრალდებები უნდა დამთავრდეს და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა განცხადება გააგზავნეს. ელემენტარულად, იმიტომ გვინდა მხარე ვიყოთ პროცესში, რომ ამ ინფორმაციის მიღების საშუალება გვქონდეს. არცერთი მხარე, არც „რუსთავი 2“ და არც საქართველოს სახელმწიფო ამ განცხადებას არ ასაჯაროებს. მის გაცნობას კი ჩვენ ვერ გამოვითხოვთ, რადგან დავის მონაწილე მხარე არ ვართ. არც სხვა დაინტერესებულ პირს მისცემენ. ვსაუბრობ იმაზე, რომ კეთილი ნება უნდა გააჩნდეს იმ მხარეს, ვინც ამბობს, რომ მისი უფლებები დაირღვა და წარადგინა ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.  უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღო სტრასბურგის სასამართლომ და არ ვიცით, რა დოკუმენტაციაზე დაყრდნობით.  თეა წულუკიანმა რაც განაცხადა, მის გარდა არაფერი არ ვიცით და იმ განცხადებაში საუბარი იყო, რომ „რუსთავი 2“-ის მხარე სტრასბურგს წერდა მოსალოდნელ ქაოსსა და არეულობაზე. საზოგადოებამაც უნდა იცოდეს ამის შესახებ. ეს პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა იყოს. მეორე მხარე არ ასაჯაროებს ამ დოკუმეტს, რაც ეჭვებს აჩენს, რომ განცხადებაში გარკვეული გარემოებების დრამატიზება მოხდა და სასამართლოს წარმოდგენას უქმნის, რომ აქ შეიძლება სისხლისღვრა მოხდეს. კარგი იქნება, რომ მათ ეს განცხადება გაასაჯაროვონ.

– ალბათ იცოდით, რომ საქმე შესაძლოა სტრასბურგის სასამართლოს გადასცემოდა, მაგრამ თუ ელოდით ამ გადაწყვეტილების გამოტანას?

– თავიდანვე ვხედავდი, რომ ჩვენი მოწინააღმდეგე მხარის ყველა მოქმედება მიმართული იყო სტრასბურგისკენ. მათ საკმარისი არგუმენტაცია იმისა, რომ სამართლებრივი ნაწილი საქართველოში გაემყარებინათ, არ ჰქონდათ. მაგალითად, ვერ ექნებოდათ იმის გამაქარწყლებელი მტკიცებულება, რაც წარმოვადგინეთ წილებთან დაკავშირებით, რომ ეს წილები 7 მილიონი ღირდა მაშინ, როცა მათი დათმობა 200  ათასად მოხდა.  მათ, ნაცვლად იმისა, რომ  იმ პირობებში, როცა კომპანიის ყველა დოკუმენტი ხელში აქვთ, წარმოედგინათ მტკიცებულება, რომ 7 მილიონი კი არა, 200 ათასი ღირდა, წარმოადგინეს დასკვნა, სადაც მცდელობა იყო, რომ ჩვენ მიერ წარმოდგენილი დასკვნა გაებათილებინათ. ანუ თითქოს, ჩვენ მიერ წარმოდგენილი დასკვნა არ იყო საკმარისი მასალებით შედგენილი და ა.შ. სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, აუდიტორული დასკვნა უნდა იყოს გაბათილებული საპირისპირო აუდიტორული დასკვნით და არა დასკვნით დასკვნაზე. შესაბამისად, ეს მათ ვერ  წარმოადგინეს. იცოდნენ, რომ ვერ წარმოადგენდნენ იმ დასკვნას, რომ 7 მილიონზე ნაკლები ღირდა ჩვენი წილები, ამიტომ წავიდნენ სხვა გზით. ეს ყველაფერი შენიღბული იყო, სამართლებრივი დეტალები ნაკლებად ჩანდა. მაგალითად, ის, რომ ჩვენი დასკვნის საპირისპირო დასკვნა, რაც მოიტანეს, საერთოდ ხელმოუწერელი იყო. ანუ ძალიან სუსტი საპირისპირო მხარე გააძლიერეს და შეფუთეს შოუთი, რაც პირველივე დღიდან დაიწყეს და დღემდე გრძელდება, რომ ეს იყო სიტყვის თავისუფლების საწინააღმდეგო საქმე. ეს თავიდანვე მიმართული იყო სტრასბურგისკენ, რომ პროცესის მაქსიმალურად გაჭიანურება მომხდარიყო. ვარაუდობდნენ ალბათ,  რომ უზრუნველყოფის საშუალებას გამოიყენებდა სტრასბურგი და ეს ასეც მოხდა.

– რას ნიშნავს შეჩერების მექანიზმი უვადოდ?

– ეს ნიშნავს შემდგომ შეტყობინაბამდე შეჩერებას. არ წერია – გადაწყვეტილების გამოტანამდე. წერია – შემდგომ შეტყობინებამდე. შესაბამისად, ეს ნიშნავს იმას, რომ კიდევ უნდა მივიღოთ დამატებითი შეტყობინება, თუმცა გაურკვეველია როდის. ეს არ ნიშნავს, რომ გულხელდაკრეფილი დაველოდებით როდის მიიღებს სასამართლო გადაწყვეტილებას, გვინდა ამ პროცესში ჩავერთოთ. იმედი გვაქვს, სიმართლე გაიმარჯვებს, რომელიც ჩვენ მხარესაა.

– ირაკლი ოქრუაშვილმაც იჩივლა სასამართლოში, „პანორამას“ წილებთან დაკავშირებით. ამ მხრივ როგორ  მიდის პროცესი?

– ეს არის აბსურდი. დოკუმენტი გაყალბებულია. მასზე ხელმოწერა ხალვაშს არ ეკუთვნის. მისი (ოქრუაშვილის) საჩივარი ორ პუნქტად არის წარდგენილი: ერთი არის 7 მილიონიან სესხზე და მეორე – „რუსთავი 2“-ის მესაკუთრეობაზე, სადაც თითქოს ოქრუაშვილია მესაკუთრე და ხალვაში უარს ამბობს საკუთრების უფლებაზე. ეს დოკუმენტი არის ყალბი. ეს უნდა დადგინდეს  ექსპერტიზით და დარწმუნებულები ვართ, რომ ამას დაადგენს. პროცესი მიმდინარეობს. მან (ოქრუაშვილმა) მოითხოვა წილების დაყადაღება „პანორამაში“ და ასევე, ხალვაშის კუთვნილი სახლის დაყადაღება, რაზეც უარი მიიღო, რადგან დაუსაბუთებელია მისი მოთხოვნა. ასევე, ვიღაცას აჩივლებინა პარალელურად, რომ ხალვაშს ესესხა 25 ათასი დოლარი და (ხალვაში) არ უბრუნებს და ამიტომ „პანორამას“ და სახლის წილების დაყადაღებას ითხოვს. ეს საერთოდ განუხილველად დარჩა სასამართლოში, რადგან ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარუდგინა. ეს არის მცდელობები, რომ ამ თემაში მისი სახელი გამოჩნდეს. სამართლებრივი საფუძველი მის არცერთ მოთხოვნას არ აქვს. მან ეს დავა 4 თვის წინ დაიწყო. ჯერ სასამართლო პროცესი არ ჩანიშნულა, რადგან მათ გასაჩივრებული ჰქონდათ უარი ყადაღაზე. ახლა დაბრუნდა საქმე საქალაქო სასამართლოში და სავარაუდოდ განხილვა, მოსამზადებელი სხდომა მალე დაინიშნება და დადასტურდება რომ ეს დოკუმენტი არის ყალბი.

მანა ნოდია

იტვირთბა....