ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვერ გეტყვით ზუსტად სინოდის სხდომაზე დეკანოზ მამალაძის საკითხის განხილვა თუ მოხდება”

საპატრიარქოსთან წმინდა სინოდის სხდომის დაწყებამდე, სასულიერო პირები ჟურნალისტებთან კომენტარებს აკეთებენ. წილკნის მიტროპოლიტი ზოსიმე ამბობს, რომ ეკლესიას როგორც მარგალიტს მოფრთხილება სჭირდება. ამიტომაც, მისივე თქმით, წმინდა სინოდის სხდომაზე ეკლესიის მოფრთხილების შესახებ იქნება საუბარი.

მეუფისთვის უცნობია, იქნება თუ არა საუბარი კონკრეტულად ბრალდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით. მიტროპოლიტის თქმით, სინოდის სხდომაზე გუშინდელ ვიდეოჩანაწერებზე საუბარი უწმინდესის ნებაა, მას თუ სურვილი ექნება, ამაზეც ისაუბრებენ.

“ეკლესიის მოფრთხილებაა საჭირო. ეკლესია ფაქიზი მარგალიტია, უნდა მოვუფრთხილდეთ. ზუსტად ვერ გეტყვით რაზე იქნება საუბარი. ვერც იმას დაგიდასტურებთ, რომ დეკანოზ მამა გიორგი მამალაძის ფარულ ჩანაწერებზე ვისაუბრებთ. ეს უწმინდესის ნებაზე იქნება დამოკიდებული”, – განაცხადა მეუფე ზოსიმემ.

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა უკვე მიმდინარეობს. წელს სინოდი პირველად შეიკრიბა და სავარაუდოდ, მასზე დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე და ეკლესიისთვის სხვა პრობლემატურ საკითხებზე იქნება მსჯელობა. სხდომას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ხელმძღვანელობს. სხდომის დასრულების შემდეგ, შესაძლოა დღესვე, განჩინება გამოქვეყნდეს, რომელშიც ასახული იქნება, თუ რა საკითხებზე იმსჯელა სინოდმა.

იტვირთბა....