მარტვილის რაიონის სოფელ ნაგაზაურში სასტიკი დანაშაული მოხდა. ხანდაზმულ დებს მზისა და ცისანა ჩიხლაძეებს, რომლებიც მარტო ცხოვრობენ, საკუთარ სახლში შეიარაღებული ყაჩაღები თავს დაესხნენ. დამნაშავეებმა ქალები გაკოჭეს და წამების მუქარით თანხა მოსთხოვეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, ერთ-ერთმა დამ ყაჩაღს სახიდან ნიღაბი ჩამოხსნა და მისი ამოცნობა შეძლო, რასაც დამნაშავის გაღიზიანება მოჰყვა და ქალს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა.
ხოლო მეორე ქალბატონი ექსპერტიზის წინასწარი დათვალიერებით გაგუდულია. დაჭრილი ქალი მარტვილის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა მძიმეა. ის გონს ჯერ-ჯერობით არ მოსულა, შესაბამისად მომხდარის ზუსტი დეტალები უცნობია. ამის შესახებ „მეტრონომს“ სოფელ ნაგაზაურის მაგებელმა ზაზა სურმავამ უთხრა, რომელმაც შემდეგ „მეტრონომი“ ერთ-ერთ მეზობელს, ნანა გოროზია დააკავშირა.
„მეტრონომთან“ სოფელ ნაგაზაურის გამგებელი ზაზა სურმავა ამბობს, რომ დები მარტოხელები იყვნენ და მესაქონლეობას ეწეოდნენ. სავარაუდოდ ყაჩაღებს ინფორმაცია ჰქონდათ, რომ ისინი სახლში ფულს ინახავდნენ.
გამგებელის განცხადებით, მათ წინა დღეს რამდენიმე საქონელი გაყიდეს. თუმცა, როგორც ჩანს ამ ფულის პოვნა ყაჩაღებმა ვერ მოახერხეს და სიჩქარეში 7 ათასი ლარი, პოლიციამ სახლში, ჩანთაში იპოვა.
სურმავას ინფორმაციით, ყაჩაღებმა სავარაუდოდ მხოლოდ 200 დოლარის წაღება მოახერხეს.
„სამწუხარო ფაქტი მოხდა, დებ ჩიხლაძეებს წუხელ ღამით შეიარაღებული ნიღბიანი ყაჩაღები თავს დაესხნენ. მძარცველების ამოცნობა სავარაუდოდ შეძლეს, რის შემდეგაც ერთი და გაგუდულია, ხოლო მეორეს თავის არეში ბლაგვი საგნით მრავლობითი ჭრილობები აქვს მიყენებული. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე ჯერ-ჯერობით მძიმეა. გონს არ მოსულა და დაკითხვა ვერ ხერხდება. ეჭვი გვაქვს, რომ ადგილობრივი მცხოვრებლები იყვნენ, რომლებსაც ინფორმაცია ჰქონდათ, რომ დებმა წინა დღეს საქონელი გაყიდეს და სახლში ფულს ინახავდნენ.
თუმცა, წამების მიუხედავად მათი ალაპარაკება ვერ შეძლეს და პოლიციამ 7 ათასი ლარი სახლში ჩანთაში იპოვა. დამნაშავეებმა მხოლოდ 200 დოლარის წაღება შეძლეს. დები მესაქონლეობას ეწეოდნენ, რძეს და ყველს ყიდიდნენ. როგორც ჩანს ფულს აგროვებდნენ და ეს ინფორმაცია ყაჩაღებს ჰქონდათ“, – ამბობს „მეტრონომთან“ საუბრისას სოფელ ნაგაზაურის გამგებელი.
დებ ჩიხლაძეების მეზობელი ნანა გოროზია ამბობს, რომ ქალბატონები სასტიკად ნაწამები არიან. გარდაცვლილსაც და დაჭრილსაც სხეულზე სასტიკი წამების კვალი ეტყობათ. მეზობლის ინფორმაციით, გარდაცვლილი სავარაუდოდ ხელით არის გაგუდული, ხოლო დაჭრილს ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობები საკმაოდ ბევრი აქვს. გოროზია ვარაუდობს, რომ ყაჩაღები დების ახლობლები შეიძლება ყოფილიყვნენ, რომლებმაც იცოდნენ, რომ სახლში ფული ჰქონდათ.
„ამ უბედურების შესახებ დილით შევიტყვეთ. მეზობელი ეძახდათ და პასუხი რომ არავინ გასცა სახლში შევიდა. ორივე და მისაღებ ოთახში გაკოჭილები ეყარნენ. სასტიკად ნაწამები, ასეთი სიმხეცე არ მინახავს.
ერთი და ხელით არის გაგუდული, ხოლო მეორეს კი თავის ქალა აქვს ჩამსხვრეული. ბლაგვი საგანი არ ვიცი რამდენჯერ აქვს თავში ჩარტყმული. როგორც ჩანს, მათი ამოცნობა შეძლეს და ორივეს დახოცვა გადაწყვიტეს. ყველას გვეშინია უკვე, ხალხი თავს დაუცველად ვგრძნობთ.
ეს საქმე თუ არ გაიხსნა დამერწმუნეთ, რომ მსგავსი რამ კიდევ განმეორდება. იმედი გვაქვს, რომ დაჭრილი გონს მოვა და ყაჩაღების ვინაობას დაასახელებს“, – ამბობს მეზობელი.
“მეტრონომს” შსს-ს პრეს-სამსახურში განუცხადეს, რომ გამოძიება 179-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ყაჩაღობას გულისხმობს და 109-ე მუხლით, რაც მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში, ანგარების მიზნით ჩადენილს გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ სამი დღის წინ ყაჩაღობა ზუგდიდშიც მოხდა. ტოლსტოის ქუჩაზე მცხოვრებ ოჯახს შეიარაღებული ნიღბიანები დაესხნენ. მათ ფიზიკური ძალადობის შედეგად ბინიდან 2 000 ლარი და ძვირფასეულობა წაიღეს.
ელზა პაპოშვილი