დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი “რუსთავი 2”-თან აცხადებს, რომ საგამოძიებო უწყებამ ბრალდებულის საუბარი ბოლომდე არ გაასაჯაროვა და ვიდეომასალა ამოჭრა.
„ამოჭრილს ვუწოდებ იმას, რომ თუ თავი არ იცი, როგორ იწყება საუბარი, ბოლო და შუაში ისეთი ტექსტი შეიძლება მიიღო, რომელმაც შეიძლება შეცვალოს საუბრის თემა და ამიტომ ვამბობ, ამ ყველაფრის საწყისი უნდა იყოს ცნობილი საზოგადოებისთვის“, – განაცხადა ადვოკატმა.
მისივე თქმით, დაცვის მხარე მომხდარის შესახებ საზოგადოებას სრულყოფილ სურათს მალე მიაწვდის.
“როგორ შეიძლება დანაშაულის მომზადებაზე საუბარი, როდესაც არ არის გარკვეული თუ სად და ვისგან შეიძინა გიორგი მამალაძემ ე.წ. საწამლავი“, – განაცხადა ადვოკატმა.
პროკურატურამ ციანიდის საქმეზე ახალი დეტალები გაასაჯაროვა, სადაც ფარულ ვიდეო ჩანაწერში დეკანოზი მამალაძე ციანიდის შესყიდვასა და შორენა თეთრუაშვილზე საუბრობს.
დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა სავარაუდოდ ხვალ განახლდება.