ახალი ამბები მთავარი სამართალი

სტრასბურგის სასამართლოში ვანო მერაბიშვილის საქმეზე ზეპირი მოსმენა დასრულდა

სტრასბურგის სასამართლოში ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით,  ზეპირი მოსმენა დასრულდა. მხარეები დიდი პალატის 17 მოსამართლის წინაშე წარსდგენენ. მათ საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად და ფაქტების წარსადგენად 30 წუთი მიეცათ.

ზეპირი მოსმენის დასრულების შემდეგ ვანო მერაბიშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა ოთარ კახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ როგორც მხარემ დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების წარდგენის ნაცვლად, სასამართლოს აღიარებითი ჩვენება მისცა.

„ისაუბრეს საქმეებზე, რომელიც საერთოდ არ არის დაკავშირებული ამ განხილვასთან. მათ პრაქტიკულად მოსამართლის კითხვაზე ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით ფაქტობრივად აღიარებითი ჩვენება მისცეს სასამართლოს, რომ დიახაც მერაბიშვილის მიმართ კითხვები არსებობდა, არ გაგვიყვანია, მაგრამ კითხვები გვქონდაო. მათ ვერ წარმოადგინეს ვერც ერთი მტკიცებულება, რომელიც გააბათილებდა ვანო მერაბიშვილის განცხადებას ციხიდან გაყვანის თაობაზე. პირიქით მათ სასამართლოს მიუტანეს გაურკვეველი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ოთარ ფარცხალაძე კომპიუტერთან რაღაც მოქმედებებს ახორციელებდა, ოღონდ ეს მოქმედებები დაასრულა მათივე მტკიცებით 01 საათსა და 25 წუთზე, ხოლო მერაბიშვილის გაყვანა მოხდა აქედან 20 წუთის შემდგომ,“-განაცხადა ოთარ კახიძემ.

სიტყვით გამოსვლისას იუსტიციის მინისტრის მოადგილემ საუბარი გირგვლიანის საქმით დაიწყო, შემდეგ კი მერაბიშვილის იმ ბრალდებაზე ისაუბრა, რომელიც ექსპრემიერის საკნიდან გაყვანას ეხება.

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან მყარი არგუმენტები გვაქვს, როგორც გვქონდა მაშინ როდესაც ვასაჩივრებდით. ისევე ახლა როდესაც შუალედში, დასაშვებობის ცნობიდან დღემდე გვქონდა საშუალება, რომ წარგვედგინა ჩვენი დამატებითი არგუმენტები და მტკიცებულებები ამ საქმესთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიან დიდი იმედით ვართ განწყობილნი, რომ ამ საქმეზე კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევას ადგილი არ ექნება, როგორც ამას დიდი პალატა მიიჩნევს, თუმცა რა საკვირველია უნდა დაველოდოთ დიდი პალატის გადაწყვეტილებას,“-განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.

იტვირთბა....