ბიზნესმენის ქიბარ ხალვაშის თქმით, თუ კანონმა საშუალება არ მისცა, ის შეიძლება ”რუსთავი 2”-ში სტუმრის სტატუსით იყოს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს სტრასბურგის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე განუცხადა.
ხალვაშის თქმით, ის ცდილობს კანონის ფარგლებში განახორციელოს ყველა ქმედება და მოიქცევა ისე, როგორც კანონი იტყვის.
”გადაწყვეტილება მიღებულია უზენაესი სასამართლოს მიერ, მე გავიმარჯვე და ”რუთავი 2” მოკუთვნებულია ჩემზე. თუ კანონმა საშუალება არ მომცა, შეიძლება კომპანიაში ვიყო სტუმრის სტატუსით, მე რა ვიცი. ძალად ხომ ვერ დავიპყრობ იქაურობას? – განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.
შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 3 მარტის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება უვადოდ გააგრძელა.