კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დედაქალაქის წყალმომარაგების სტაბილურობისა და გაუმჯობესების მიზნით, ურდულების და რეგულატორების პროგრამას განაგრძობს.
როგორც კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში” აცხადებენ, გლდანის მასივში, ტექნიკური სამუშაოები დღეს განხორციელდება. სამუშაოები ერთდროულად, წყალსადენის ქსელის ოთხ სხვადასხვა მონაკვეთზე, გლდანის მე-6 და მე-7 მიკრორაიონებში, ჩატარდება. აღნიშნულ მისამართებზე, დამატებით ოთხი ახალი, ევროსტანდარტის შესაბამისი წყლის წნევის რეგულატორი დამონტაჟდება, რის შემდეგაც გლდანის მასივის მოსახლეობის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
კომპანიის ინფორმაციით, თბილისის მასშტაბით 2700 ახალი ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და 230 წყლის წნევის რეგულატორი დამონტაჟდება. აღნიშნული ინფრასტრუქტურული ელემენტები დედაქალქს 20-30 წლის განმავლობაში მოემსახურება. შედეგად, ტექნიკური სამუშაოების დროს, წყალმომარაგების შეზღუდვის არეალი მინიმუმამდე შემცირდება. კომპანია პროექტში 7 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს.
გლდანის რაიონში, აღნიშნული სამუშაოების წარმოებისთვის, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 7 მარტს, საღამოს 20:00 საათიდან, 8 მარტის, დილის 10:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება: გლდანის მასივის III, IIIა, V – VIII მიკრორაიონებს; სოფელ გლდანს და გიორგი წმინდას; ბერთუბნის დასახლებას;
წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქის და ვებგვერდის მეშვეობით – – http://www.gwp.ge
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.