ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებული შპს „ჰიგიენას“ ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი ცეცხლაძე ბრალდებულის სახით დააკავა.
გამოძიების შედეგად შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა კომპანიის ანგარიშზე არსებული, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა, რაც უნდა მოხმარებოდა ქობულეთის მუნიციპალიტეტში თანამედროვე ნაგავსაყრელის მშენებლობას.
ბრალდებულის დაკავებისას თანხის ნაწილი ამოიღეს. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებაზე უკვე იმსჯელა და ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით შვიდიდან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.