ახალი ამბები მთავარი სამართალი

„მამა გიორგი მოიტაცეს და არა დააკავეს“

„შეიძლება ითქვას, რომ მამა გიორგი მამალაძე მოიტაცეს და არა დააკავეს“, – ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა დეკანოზთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც დეკანოზი დააკავეს, არ შემდგარა შესაბამისი ოქმი, რაც კანონის დარღვევაა.

„კანონი პირდაპირ ითხოვს, რომ უნდა შედგეს დაკავების ოქმი, თუ არ არის გარკვეული მიზეზები, რის გამოც არ ხდება დაკავების ადგილზე ოქმის შედგენა და ეს უნდა იყოს მითითებული. აღნიშნული მიზეზი და ფაქტობრივი გარემოებები მითითებული არ არის და წერია მხოლოდ ზოგადი ფრაზა – გარკვეული პირობების არარსებობის გამო, არაა მითითებული რა პირობები არ არსებობდა, რის გამოც არ შედგა დაკავების ადგილზე დაკავების ოქმი. მამა გიორგის დაკავება კი არ მოხდა, შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო მისი მოტაცება”, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

მისი თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძეზე პროკურატურაში ზეწოლა ხორციელდებოდა, რაშიც მონაწილეობას მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე იღებდა.

”მამა გიორგიზე განხორციელდა ფიზიკური შეხებაც კი. ერთ-ერთმა პირმა სახეზე მოუჭირა და ადგილი ჰქონდა გარკვეულ ზეწოლებს… როცა მიიყვანეს პროკურატურის ეზოში, დახვდა მამუკა ვასაძე, რომელმაც პირდაპირ უთხრა, რომ დაკავებული იყო პატრიაქრის მოწამვლისთვის”, – განაცხადა რამიშვილმა.

ადვოკატი სხვა პროცესუალურ დარღვევებზეც საუბრობს:

”როდესაც განხორციელდა დეკანოზის დაკითხვა, ოქმში არაა მითითებული ჰქონდა თუ არა სურვილი ადვოკატის აყვანის, ანუ ეს უფლებებიც დარღვეული იყო. მას ასევე არ მიეცა საშუალება განეხორციელებინა სატელეფონო ზარი. რაც შეეხება ზეწოლებს, მამა გიორგის გადმოცემით, ადვოკატის მოთხოვნამდე ანუ 13:10 საათამდე დაახლოებით ათი კაცი იმყოფებოდა მასთან ერთად ოთახში, რომლებიც პირდაპირ ზეწოლას ახდენდნენ მასზე და ეუბნებოდნენ, რომ ის დაკავებულია პატრიარქის მოწამვლისთვის. მთელი ამ ხნის განმავლობაში, როდესაც ის დაკავებული იყო, მას საშუალებაც კი არ მისცეს, რომ საპირფარეშოში გასულიყო”, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ადვოკატის ინფორმაციით, პროკურატურაში ყოფნისას დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რის გამოც მისთვის გამოიძახეს სასწრაფო დახმარება და აღმოუჩინეს შესაბამისი სამედიცინო დახმარება. მიხეილ რამიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ დაახლოებით 9 საათის განმავლობაში უცნობია სად იყო დეკანოზის ბარგი, რომელშიც პროკურატურის მტკიცებით, აღმოჩენილია ციანიდი.

”ბარგის ჩხრეკა მოხდა 16:00 საათზე, ანუ 9 საათი 40 წუთი მამა გიორგის ჩანთა სად იყო, დღემდე დაუდგენელია ჩვენთვის. ასევე ბრალდებული დაიკითხა წინასწარ, ვიდრე მოხდებოდა ჩანთის შემოწმება, რაც არის ნონსესი. ერთი ინფორმაციის გარდა მტკიცებულებები არ არსებობდა. ჩანთის ჩხრეკა არ იყო ჩატარებული და ამ პირობებში დაიკითხა დეკანოზი, რა დროსაც მან დუმილის უფლება გამოიყენა”, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

შეგახსენებთ, მამა გიორგი 10 თებერვალს, ერთ-ერთი პირის მოწამვლის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

იტვირთბა....