მსოფლიოს მილიარდერების რეიტინგში, რომელიც სააგენტო Bloomberg-მა გამოაქვეყნა და პლანეტის 500 ყველაზე მდიდარი ადამიანის განახლებული სიაა, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი 276-ე ადგილს იკავებს. რეიტინგის მიხედვით, მისი ქონება 5.52 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
განახლებული რეიტინგის სათავეში 85,6 მილიარდი აშშ დოლარით Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსია, მეორე ადგილზე – ამერიკელი ბიზნესმენი უორენ ბაფეტი (78,9 მილიარდი), მესამეზე – Amazon-ის ხელმძღვანელი ჯეფ ბეზოსი (73,5 მილიარდი).
პირველ ათეულში ასევე, მოხვდნენ ესპანური კომპანიის Inditex-ის დამფუძნებელი ამანსიო ორტეგა (69,3 მილიარდი), Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი (59,1 მილიარდი), მექსიკელი ბიზნესმენი კარლოს სლიმი (53 მილიარდი), კორპორაცია Koch Industries-ის თანამფლობელები, ძმები ჩარლზ და დევიდ კოხები (თითოეული 48,1 მილიარდით), კორპორაცია Oracle-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლარი ელისონი (45,3 მილიარდი) და IKEA-ს დამფუძნებელი ინგვარ კამპარდი (42,9 მილიარდი).