დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის გამოძიების დამთავრებამდე გათავისუფლების მოთხოვნით manifest.ge-ზე პეტიცია გამოჩნდა, რომლის ავტორიც ადვოკატი მანანა აფხაძეა. ხელმომწერები თხოვნით მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს მიმართავენ.
“ჩვენ ქვემორე ხელისმომწერნი, მოგმართავთ თხოვნით საქმეზე გამოძიების დამთავრებამდე გაათავისუფლოთ პატიმრობიდან დეკანოზი მამა გიორგი მამალაძე.
ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ იგი უდანაშაულოა ამ მართლაც ბინძურ ბრალდებაში, რასაც მხოლოდ მიუკერძოებელი ობიექტური გამოძიება დაადასტურებს და საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ვითხოვთ საზოგადოების გარკვეული ჯგუფის ჩართულობას მონიტორინგის თვალსაზრისით“-ნათქვამია პეტიციის მიმართვაში.
რაც შეეხება ხელმოწერებს, ამ დროისთვის მანიფესტს ხელს 1291 ხელმომწერი ჰყავს.
შეგახსენებთ, მამა გიორგი მამალაძე თებერვალში ერთ-ერთი პირის ციანიდით მოწამვლის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. მან გამოძიებას ჩვენება უკვე მისცა.