საქართველოს პრეზიდენტი საგანგებო ბრიფინგზე უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ “რუსთავი 2” არ არის უბრალოდ ბიზნესი:
“პროცესი თავიდანვე პოლიტიკოსების ჩარევის შედეგად პოლიტიზირებული გახდა. 2015 წლის 22 ოქტომბერს მაშინდელი პრემიერ-მინისტრის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებული განცხადებებიდან, ჩვენ ფაქტიურად დავდექით სამოქალაქო დაპირისპირების საშიშროების წინაშე… მას მერე პოლიტიკოსების ძალიან აქტიური ჩართულობა ამ საკითხთან მიმართებაში მუდმივად პროცესის პოლიტიზრებას ახორციელებდა.
მინდა ყველას გავახსენო, რომ 2007 წელს, როდესაც სააკაშვილის მიერ სპეცრაზმისთვის მიცემული ბრძანების შემდეგ მოხდა ”იმედის” დარბევა, რაც იყო უაღრესად დამაზიანებელი ჩვენი დამოკრატიისთვის, ფაქტობრივად იმ წამსვე პირდაპირ ეთერში მე დავაფიქსირე პოზიცია, რომ ეს არის სააკაშვილის ტრაგიკული გადაწყვეტილება და დანაშაულებრივი გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე, მინდა, დღესაც ყველას მოვუწოდო, დანაშაულებრივი გადაწყვეტილების და პროვოკაციების თავიდან აცილებისკენ. თემის პოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, ყველა მხარეს მოვუწოდებ, საკონსტიტუციო სასამართლოსა და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებებს დაველოდოთ, მოვუსმინოთ და არ გადავდგათ მყისიერი ნაბიჯები”, – განაცხადა მარგველაშვილმა.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, “რუსთავი 2” ქიბარ ხალვაშს გადაეცა.
https://www.youtube.com/watch?v=UjqmbFgkeII