ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრები ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” შენობასთან მსვლელობით მივიდნენ. “რუსთავი 2-თან” ასევე იმყოფებიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც.
გიგა ბოკერიას თქმით, ეს არის რთული ვითარება, მაგრამ ქართული საზოგადოება ამ ვითარებას არ შეეგუება.
“ძალიან მძიმე დარტყმა მიაყენა და მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო ჩვენი საზოგადოება ივანიშვილის რეჟიმმა, პირადად მან, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტმა რომლებმაც ამ სამარცხვინო დაკვეთისთვის იმუშავა და ბოლო ფაზაში იმ მოსამართლეებმა რომლებმაც მის დაკვეთას ან ზეწოლას ვერ გაუძლეს. ეს არის რთული ვითარება, მაგრამ დარწმუნებული ვარ ქართული საზოგადოება ამ ვითარებას არ შეეგუება“ – განაცხადა ბოკერიამ.
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, ფრაქცია მოძრაობა “თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს” წევრის დავით ბაქრაძის თქმით, ისინი გეგმავენ კონსულტაციების გამართვას არასამთავრობო და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებთან.
“ჩვენ არ ვაპირებთ შევეგუოთ იმ ვითარებას რომელიც შექმნა გუშინ დაკვეთით ჩატარებულმა სასამართლომ. ხელისუფლება აპირებს წაიღოს ქვეყანაში თავისუფალი ტელევიზია, ამიტომ პროტესტი გაგრძელდება, ჩვენ გვექნება კონსულტაციები არასამთავრობოებთან და სხვა ოპოზიცურ პარტიებთან. ჩვენ ვრჩებით “რუსთავი 2-ის” შენობასთან რომ ფიზიკურად არ მივცეთ შენობაში შესვლის უფლება “ – აღნიშნა ბაქრაძემ.